ევროკავშირის დაარსების დღე - მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 25 წელი გავიდა
ევროკავშირის დაარსების შესახებ ისტორიულ ხელშეკრულებას ხელი 1992 წლის თებერვალში მოეწერა, ძალაში კი 1993 წლის პირველ ნოემბერს შევიდა. მაასტრიხტის ხელშეკრულებით ევროპული თანამეგობრობა ევროკავშირში ტრანსფორმირდა.
მაასტრიხტის ხელშეკრულებამ გააძლიერა ევროკავშირი, შექმნა ევროპული მოქალაქეობა, საერთო საგარეო პოლიტიკა, ერთიანი ვალუტის საფუძველი და მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობა.
მაასტრიხტის ხელშეკრულებამ წარადგინა საბიუჯეტო შეზღუდვების ცნება, წევრი ქვეყნების ვალებსა და დეფიციტებზე დაყრდნობით.
ინტეგრაციის პარალელურად, მაასტრიხტის ხელშეკრულების რატიფიკაციის გზა მარტივი არ ყოფილა.
რეფერენდუმები რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა. საფრანგეთში „კი“ კამპანიამ ძალიან მცირე უპირატესობით (50.8%) გაიმარჯვა. დანიაში კი მოსახლეობამ (50.7%) რეფერენდუმზე ხელშეკრულება უარყო, რამაც ევროპაში შოკური ტალღები გაავრცელა.
აზრთა სხვადასხვაობას განსხვავებული მიზეზები ჰქონდა. ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე მოსახლეობას მიგრაცია და ეროვნული იდენტობის დაკარგვა აშინებდა. ხელშეკრულების მომხრეებისთვის კი, ევროპული ინტეგრაცია ერთ დროს დაყოფილი კონტინენტის მშვიდობის გარანტია იყო.
25 წლის განმავლობაში ევროკავშირმა პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების მიმართ მდგრადობა აჩვენა, თუმცა დღეს მთავარი გამოწვევა ე.წ. ბრექსითი და პოპულიზმის ზრდაა.