ევროკავშირის ცხრა ქვეყანა აცხადებს, რომ ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე რუსული ტანკერი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის
იტალიამ, საფრანგეთმა და კიდევ შვიდმა სახელმწიფომ ევროკომისიას მიმართეს და მოუწოდეს, დაუყოვნებლივ იყოს მიღებული ზომები ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე რუსულ ტანკერთან დაკავშირებით, რომელიც დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გემი, რომელიც საწვავითა და გათხევადებული აირით არის დატვირთული, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის გარემოს.
„ხომალდის ცუდი მდგომარეობა და მისი ტვირთის სპეციფიკურობა ევროკავშირის აკვატორიის შუაგულში ეკოლოგიური კატასტროფის უშუალო და სერიოზულ საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემთან დაკავშირებით ზომების მიღების მოწოდებით გამოვიდა რუსეთიც.
„შექმნილ სიტუაციაში საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების გამოყენება ითვალისწინებს სიტუაციის გადაჭრაზე სანაპირო ქვეყნების პასუხისმგებლობას (ე.წ. შემხებლობაში მყოფი ქვეყნები). პროცესში გემის მფლობელისა და რუსეთის, რომლის დროშიც ქვეშაც ცურავდა ტანკერი, შემდგომი ჩართულობა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ გარემოებებზე“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს ხომალდი „არქტიკ მეტაგაზი“, რომელიც მურმანსკის პორტიდან გავიდა, მალტის ტერიტორიულ წყლებთან საზღვაო დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა უკრაინული კატერის ტიპის დრონით ლიბიის სანაპიროებიდან განხორციელდა. მალტის და რუსეთის სამაშველო სამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად გემის ეკიპაჟის 30 წევრის გადარჩენა მოხერხდა.
რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ტანკერზე არის 700 ტონა სხვადასხვა სახის საწვავი და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ამჟამად გემი იმყოფება ხმელთაშუა ზღვაში, აქვს სერიოზული დაზიანებები და მასზე შეინიშნება ხანძრის ლოკალური კერები. რუსული მხარის მონაცემებით, გემის მფლობელი აკონტროლებს ტანკერის მდებარეობას, ხოლო რუსეთის შესაბამისი ორგანოები კონტაქტზე არიან როგორც გემის მფლობელთან, ისე უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან. ამასთან, მალტის ხელისუფლება, უკვე რამდენიმე დღეა, აცხადებს, რომ ტანკერი, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდეს სხვა გემებისთვის.
იტალიური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხომალდის სიახლოვეს იმყოფებიან იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები: ბუქსირი და სპეციალური ხომალდი, რომელიც აღჭურვილია გარემოსთვის ზიანის მომტანი დაბინძურების ლიკვიდაციისთვის საჭირო ტექნიკით. იტალიის მთავრობა ყურადღებით აკვირდება დაზიანებული ხომალდის ირგვლივ არსებულ ვითარებას.
„არქტიკ მეტაგაზი“ არის ერთ-ერთი, დაახლოებით ათამდე ტანკერიდან, რომელიც გამოიყენება რუსეთის ტერმინალ „არქტიკ СПГ-2“-დან სანქციების ქვეშ მყოფი გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ბეიჰაის პორტში. 2024 წლიდან გემის წინააღმდეგ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთს სანქციები აქვთ დაწესებული. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს გემი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის.