ევროკავშირის ბიუჯეტი: რას გვთავაზობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი?
საილუსტრაციო ფოტო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტის (მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს) პროექტით გათვალისწინებული ხარჯების 204 მილიარდი ევროთი შემცირებისა და ციფრული სექტორის მსხვილი კომპანიებისთვის ახალი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის. მისი შეთავაზების მიზანი წლის ბოლომდე ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევაა.
კოშტას წინადადებებს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ამ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ევროკავშირის მრავალწლიანი ბიუჯეტის გარდა, ისინი უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხის გამოყოფაზეც იმსჯელებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზების თანახმად, ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფილი დაფინანსება 120%-ით, თავდაცვის სფეროს დაფინანსება კი 232%-ით გაიზრდება, ხოლო მიგრაციის მართვისა და სასაზღვრო კონტროლისთვის გამოყოფილი თანხები გაორმაგდება.
კოშტას განმარტებით, ახალი ინიციატივა ასევე ითვალისწინებს რეგიონებს შორის ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის შემცირებისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის დაფინანსების შენარჩუნებას. მისივე განცხადებით, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და ერთიანობის პოლიტიკის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ფონდი კვლავ ყველაზე მსხვილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ცნობით, ევროკავშირის წამყვანი სამეცნიერო პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“-ს (Horizon Europe) ბიუჯეტი, მიმდინარე ბიუჯეტთან შედარებით, 57%-ით გაიზრდება, ხოლო პროგრამა „ერაზმუსის“ (Erasmus) დაფინანსება – 25%-ით.
ახალი წინადადების მიხედვით, ევროპულ ბიუჯეტში წევრი სახელმწიფოების საშუალო ეროვნული შენატანები მათი მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.80%-დან 0.82%-მდე გაიზრდება.
ინიციატივის თანახმად, ევროკავშირის ბიუჯეტს შემოსავლების 5 ახალი წყარო დაემატება. ესენია: ციფრული მომსახურების მიმწოდებელი მსხვილი კომპანიებისგან მიღებული შემოსავლები, ნახშირბადის ზღვრის რეგულირების მექანიზმიდან (CBAM) მიღებული შემოსავლები, გადაუმუშავებელი ელექტრონული ნარჩენებიდან მიღებული შემოსავლები, თამბაქოს ნაწარმიდან მიღებული შემოსავლები და ემისიებით ვაჭრობის სისტემიდან (ETS) მიღებული შემოსავლები.
დღეს უკვე არსებულ შემოსავლის წყაროებთან ერთად, ამ მექანიზმებს ევროკავშირის ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 60 მილიარდი ევროს მობილიზება შეუძლიათ.
კოშტას განცხადებით, ის გააგრძელებს მუშაობას ევროპარლამენტის წინადადებაზე, რომელიც კრიპტოაქტივებზე დაფუძნებული შემოსავლის ახალი წყაროს შექმნას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ევროკომისიამ უნდა შეისწავლოს რადიოსიხშირული სპექტრის სამომავლო აუქციონებიდან დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობაც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, ახალი ბიუჯეტი რეალისტურია: ის პასუხობს ახალ პრიორიტეტებს და ამავდროულად, ინარჩუნებს უკვე არსებულ პოლიტიკურ მიმართულებებს, წევრი სახელმწიფოების შენატანებს გონივრულ ფარგლებში ტოვებს და საკუთარი შემოსავლების ახალ წყაროებს დაბალანსებულად აერთიანებს.