ევროკავშირის ბიუჯეტი: 6 ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაზრდას, ფერმერების და ღარიბი რეგიონებისთვის კი დაფინანსების შემცირებას ითხოვს
საილუსტრაციო ფოტო
გერმანია და ხუთი სხვა ევროპული ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებენ, ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ასობით მილიარდი ევროთი შეკვეცოს. „ფაინენშალ თაიმსი“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, ავსტრიისა და ფინეთის ლიდერებმა ამ მოთხოვნების შემცველი წერილი ევროკავშირში უკვე გაგზავნეს.
ეს ექვსი ქვეყანა, რომელთა წილიც ევროკავშირის ბიუჯეტის 40 პროცენტს შეადგენს, თავდაცვასა და ინოვაციებზე ხარჯების გაზრდას, ხოლო ფერმერებისა და ღარიბი რეგიონების დაფინანსების შემცირებას ითხოვს.
ევროკავშირის ბიუჯეტის დაახლოებით ორი მესამედი, ტრადიციულად, სწორედ სოფლის მეურნეობასა და რეგიონულ განვითარებაზე იხარჯება.
ამავდროულად, 17 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი, ესპანეთისა და იტალიის ჩათვლით, ამ ორ ტრადიციულ მიმართულებაზე (აგრარული სფერო და რეგიონები) ხარჯების ზრდას, ასევე ევროკავშირის ვალის ზედა ზღვრის აწევას ითხოვს.
ივნისში, ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ 7-წლიან ფინანსურ ჩარჩოზე შეთანხმებას მიმდინარე წლის ბოლომდე მიაღწევენ.