ევროკავშირი - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებლებისთვის
ევროკავშირი - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებლებისთვის

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვაჭრობის, განათლების მიღებისა და მობილობის გამარტივებით, – ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახური ​საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

„ეს შეთავაზებები შეესაბამება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, რაც მოიცავს ევროკავშირის რამდენიმე მიმდინარე პროექტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ხიდების მშენებლობას გამყოფი ხაზების გასწვრივ და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას.

ჩვენ ველით საქართველოს პარლამენტში დისკუსიებსა და ამ პროცესის საბოლოო შედეგს.

ევროკავშირი ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარებას და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებითა და ყოვლისმომცველი მიდგომით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა –  უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.