ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს დააწესებს. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია წერს, ახალი შეზღუდვები მოსკოვის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ამოქმედდება.
კერძოდ, სოლსბერიში რუსი ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, სანქციები დაუწესდებათ რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელ პირებს და მათ უახლოეს მოკავშირეებს, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში ქიმიური შეტევის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მათ აუკრძალავენ ევროკავშირში ჩასვლას და საბანკო ანგარიშებს დაუყადაღებენ.
როგორც ვარაუდობენ, სანქციები არამხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც ამოქმედდება.
„მრავალი წლის განმავლობაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ერთგვარი ტაბუ მოქმედებდა, თუმცა სირიისა და სოლსბერის შემდეგ, ამ აკრძალვას საფრთხე დაემუქრა. ახლა ჩვენ უნდა გავავლოთ წითელი ხაზი მათთვის, ვინც ცდილობს, გამოიყენოს ეს საშინელი იარაღი. მათ უნდა გაიაზრონ, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და ეს ძვირად დაუჯდებათ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანთმა.
როგორც ცნობილი ხდება, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატორი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობები არიან. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები დღეს ლუქსემბურგში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებენ.