ევროკავშირი მოუწოდებს სერბეთის ხელისუფლებას, სათანადოდ გამოიძიოს ბრალდებები საარჩევნო დარღვევების შესახებ
ევროკავშირი მოუწოდებს სერბეთის ხელისუფლებას, სათანადოდ გამოიძიოს ბრალდებები საარჩევნო დარღვევების შესახებ

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ძალადობა არ არის გამოსავალი და მიუღებელია.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სერბეთს, რომ სათანადოდ გამოიძიონ ბრალდებები საარჩევნო დარღვევების შესახებ.

როგორც სერბეთის ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალება იტყობინება, ევროკავშირმა წერილობით უპასუხა „ამერიკის ხმის“ კითხვას ბელგრადში კვირას მომხდარ შეტაკებებზე.

„პოლიციის ქმედება უნდა იყოს შესაბამისი და ძირითადი უფლებები დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის ფარგლებში. ევროკავშირი მშვიდობისა და დიალოგისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია ევროკავშირის მიერ მედიასაშუალებისთვის გაგზავნილ პასუხში.

რაც შეეხება სერბეთის ხელისუფლების მხრიდან ბრალდებებს, რომ დასავლეთის ქვეყნები დგანან არეულობის მიღმა, მედიასაშუალების ცნობით, ბრიუსელში ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა წინასწარი ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ სერბეთში ჩატარებულ არჩევნებში სერიოზული დარღვევები შეინიშნებოდა, ასევე არასამართლიანი საარჩევნო პირობები იყო ხელისუფლების სასარგებლოდ.

სერბეთის მთავრობა უარყოფს არჩევნებში რაიმე დარღვევას და უარს ამბობს არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე.