ევროკავშირი მოლდოვას 1,6 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს გამოუყოფს
ევროკავშირი მოლდოვას ახალ, 1,6 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ევროკავშირმა მოლდოვას მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო, რომელიც მოიცავს მიკროფინანსურ დახმარებას ამ წლისთვის 300 მილიონი ევროს ოდენობით. ჩვენი მიზანი იყო, მიგვეღწია 600 მილიონი ევროს დამატებითი ინვესტიციებისთვის, ხოლო კარგი ამბავი არის ის, რომ ჩვენ თითქმის გავასამმაგებთ ამ რაოდენობას, რომელიც 1,6 მილიარდი ევრო იქნება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, დახმარების პაკეტი მოლდოვურ კომპანიებს მისცემს დიდ შესაძლებლობებს, ისევე, როგორც ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციები სარგებელს მოუტანს მოლდოვას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პაკეტი ხუთ ინიციატივას მოიცავს, რომელიც შეეხება თავდაცვის სფეროს 40 მილიონით დაფინანსებას და ასევე, ენერგეტიკის სფეროსაც.
„ერთ-ერთი ინიციატივა მოიცავს ენერგეტიკის სექტორს. რუსეთის მიერ პროვოცირებული ენერგეტიკული კრიზისი კვლავ მტკივნეულია მოლდოვისთვის. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში მხარი დავუჭიროთ მოლდოვას“, – განაცხადა მან.
ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვნად გაზრდის გაერთიანების დელეგაციის პერსონალს კიშინიოვში, რათა უზრუნველყოს მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე რეფორმების წარმატებით განხორციელება.