ევროკავშირი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიღებთ ერთობლივ ძალისხმევას სხვა საერთაშორისო ძალებთან ერთად, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ძალადობის შესაჩერებლად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
თურქეთთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კი შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ „თითოეულმა უნდა შეასრულოს უფრო კონსტრუქციული როლი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაძაბულობის განსამუხტად“.
სამიტის დასასრულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან საბჭოს წევრებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიღებული ერთობლივი კომუნიკეს შესახებ აცნობა, რომელიც აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გუშინ გამოაქვეყნეს. ასევე, გააცნო მათ ინიციატივები, რომლის წარდგენასაც ლიდერები გეგმავენ.