ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს
ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს

ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ქალაქ იენინში ისრაელის თავდაცვითი ძალების მიერ რეიდისას ცხრა პალესტინელი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, რითიც მხოლოდ ამ თვეში 30-მდე გაიზარდა პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის მიერ მოკლულთა რიცხვი. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს მსხვერპლთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა, მათ შორის 30 ბავშვი იყო, რაც 2005 წლის მეორე ინტიფადას შემდეგ მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ევროკავშირი სრულად ცნობს ისრაელის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც მოწმობს ბოლოდროინდელი ტერორისტული თავდასხმები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური ძალა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და მაშინ, როდესაც ეს მკაცრად გარდაუვალია სიცოცხლის დასაცავად.

ევროკავშირი შეშფოთებულია დაძაბულობის გამწვავებით ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, გააკეთონ ყველაფერი ვითარების დეესკალაციისთვის და განაახლონ უსაფრთხოების სფეროში კოორდინაცია, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ძალადობის შემდგომი აქტების პრევენციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.