ევროკავშირი - ევროკავშირი სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელსაც აქვს უფლება, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის მიხედვით სასტიკი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე
ევროკავშირი - ევროკავშირი სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელსაც აქვს უფლება, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის მიხედვით სასტიკი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე

ევროკავშირმა ისრაელზე „ჰამასის“ უპრეცედენტო თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს „ჰამასის“ მრავალრიცხოვან და განურჩეველ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სიცოცხლის დაკარგვის გამო“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირმა მოუწოდა დაუყონებლივ შეწყდეს თავდასხმა და ძალადობა, რაც მხოლოდ „კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას ადგილზე“.

„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს, რომელსაც აქვს უფლება, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის მიხედვით ასეთი სასტიკი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ასევე აღნიშნა გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მუშაობის მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ძალისხმევის გააქტიურებით.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ამასთან, პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზაზე ისრაელის თავდასხმის დროს 198 დაიღუპა და 1000-მდე ადამიანი დაშავდა.