ევროკავშირი ბრიტანეთთან ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ განაახლებს
ევროკავშირი ბრიტანეთთან ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ განაახლებს

ევროკავშირი დიდ ბრიტანეთთან ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ განაახლებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. ტუსკის თქმით, ევროკავშირი შეთანხმების გარეშე ბრექსიტისთვის ემზადება.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, დონალდ ტუსკი შესაძლოა, 11 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდეს 13-14 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე.

შეგახსენებთ, ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებასთან დაკავშირებით 11 დეკემბერს დაგეგმილი კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მას ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების კორექტირებისთვის დამატებითი მოლაპარაკებების გამართვა სურს. კერძოდ, ტერეზა მეის ირლანდიის საზღვართან დაკავშირებული ნაწილის გადახედვა სურს, რომელიც მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ყველაზე სადავო ნაწილია.

ამჟამად ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის გამჭვირვალე საზღვარი მოქმედებს. ბრექსიტის პირობების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ სხვა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა, ევროკავშირი საბაჟო წესები იმოქმედებს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დიდი ბრიტანეთი დიდი ალბათობით შეთანხმების ამჟამინდელ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს. თავის მხრივ, ტერეზა მეი აცხადებდა, რომ თუ პარლამენტი შეთანხმებას უარყოფს, დიდი ბრიტანეთი ჩიხში აღმოჩნდება, ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვების რისკი კი სავსებით რეალური გახდება.