ევროკავშირი აშშ-ს ავტომობილის ტარიფებთან დაკავშირებით აფრთხილებს
ევროკავშირი აშშ-ს ავტომობილის ტარიფებთან დაკავშირებით აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატებიევროპულ ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტს ახალი ტარიფით  თუ დაბეგრავს, ბრიუსელი საპასუხოდ 300 მილიარდამდე დოლარის მოცულობის ამერიკული პროდუქციის ექსპორტს ახალ გადასახდს დაუწესებს. ამის შესახებ ოფიციალური ბრიუსელის მიერ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტისთვის გაგზავნილ 10 გვერდიან წერილობით შეტყობინებაშია აღნიშნული, რომელიც ბრიტანულმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა.

აღნიშნული შეტყობინება ბრიუსელის პირველი წერილობითი გაფრთხილებაა თეთრი სახლის მიერ ბოლო დროს განხორციელებული სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით, ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შტატების მიერ ავტომობილებსა და ავტონაწილებზე ახალი ტარიფის დაწესება ეკონომიკურად გაუმართლებელია და ამით ვაშინგტონი საკუთარ ავტოინდუსტრიასაც დააზიანებს.

როგორც ცნობილია, გასული თვის ბოლოს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციტივით, დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, ხომ არ უქმნის ავტომობილების იმპორტი საფრთხეს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. მანამდე ტრამპმა რამდენჯერმე გააკრიტიკა ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბალანსში დიდი უპირატესობის, ასევე ამერიკულ ავტომობილებზე მაღალი საიმპორტო გადასახდის გამო.

ევროკავშირი საკუთარ ბაზარზე შესულ ამერიკულ ავტომობილებს 10 პროცენტით ბეგრავს, აშშ კი ევროპული ავტომობილების იმპორტს მხოლოდ 2.5 პროცენტით. წონასწორობის აღსადგენად ტრამპი ევროპიდან შესულ ავტომობილებზე 20 პროცენტიანი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის კვლევა დასასრულს უახლოვდება, და მალე ქმედებაზე გადავა, რაც ბრიუსელის აზრით იმაზე მიანიშნებს, რომ ევროპულ ავტომობილებს აშშ-ის ბაზარზე ახალი ტარიფით დაბეგრავენ.

ევროკავშირიდან აშშ-ში ავტომობილების ექსპორტმა გასულ წელს 37.4 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ, როცა დანარჩენ საექსპორტო ბაზრებზე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6.2 მილიარდია ევროა.

ბრიუსელი თავის შეტყობინებაში აღნიშნავს, რომ აშშ-ში შეტანილ ზოგიერთ საქონელზე, მათ შორის ევროპულ სატვირთო ავტომობილებზე გადასახდი გაცილებით მაღალია. გარდა ამისა, ევროპული კომპანიების მფლობელობაში არსებული ამერიკული ბრენდები აშშ-ის ავტოინდუსტრიის მეოთხედზე მეტია და აშშ-ში 2.9 მილიონ ავტომობილს აწარმოებენ. მხოლოდ ამ გზით, ეს სეგმენტი 120 ათას ადამიანს ასაქმებს. თუ მაჩვენებელში ავტომობილებით ვაჭრობისა და სათადარიგო ნაწილების ბიზნესიც შევა, დასაქმებულთა რაოდენობა 420 ათასამდე იზრდება. წარმოებული ავტომობილების უმეტესი ნაწილი კი ექსპორტზე გადის.

შესაბამისად, ბრიუსელის ანალიზი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ტარიფი ბაზარს დააქუცმაცებს, ამერიკელ მომხმარებელს ფასებს გაუზრდის და დიდი ალბათობით, მუშახელის შემცირებასაც გამოიწვევს.

ბრიუსელის გათვლებით, თუ აშშ ავტომობილებს 25 პროცენტიანი ტარიფით დაბეგრავს, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი პირველ ეტაპზე 13-14 მილიარდ დოლარს დაკარგავს და არც საავჭრო ბალანსი გაუმჯობესდება.

ბრიუსელი თავის გზავნილში აღნიშნავს, რომ კავშირი ავტომობილების იმპორტსა და აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას შორის სუსტია, რადგან სამხედრო დანიშნულების ავტომობილებით ამერიკის შეერთებულ შტატებს ნიშური მწარმოებლები ამარაგებენ.

უქმეებზე ამერიკული ტელეარხის Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო დეფიციტის თვალსაზრისით, ევროკავშირი ისეთივე ცუდია აშშ-ისთვის, როგორც ჩინეთი, მხოლოდ უფრო მცირე ზომისაა.