ევროკავშირი - არ ვაღიარებთ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც მთიან ყარაბაღში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა
ევროკავშირი - არ ვაღიარებთ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც მთიან ყარაბაღში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბრიუსელი ლეგიტიმურად არ ცნობს მთიანი ყარაბაღის მეთაურის არჩევნებს, რომელიც 9 სექტემბერს სტეპანაკერტში გაიმართა.

„2023 წლის 9 სექტემბერს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ აღიარებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც ის ჩატარდა“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

ამასთან, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის „მნიშვნელოვანია კონსოლიდირება დე ფაქტო ხელმძღვანელობის გარშემო, რომელსაც გააჩნია უნარი და სურვილი შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები აწარმოოს ბაქოსთან“. ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს.

მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა საგანგებო სესიაზე ახალ პრეზიდენტად 45 წლის სამველ შახრამანიანი აირჩია. ფარულ კენჭისყრაში 22-მა დეპუტატმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.