ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტს ამზადებს
ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტს ამზადებს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის მიზეზად ბრიუსელში მინსკის მხრიდან მიგრანტების „ჰიბრიდული ომის იარაღად“ გამოყენება სახელდება.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ლუკაშენკოს ხელისუფლების ქმედებები საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტებისა და ადამიანთა ტანჯვის ინსტრუმენტად გამოყენების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა მოიცავს სანქციებსაც. მეხუთე პაკეტზე მუშაობა ახლა იწყება“, – განაცხადა ლუკ დევინმა.

მანამდე ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა. ამის მიზეზად ლუკაშენკოს მთავრობის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაცია და შემდეგომ გამართული საპროტესტო აქციების ჩახშობა დასახელდა. ევროკავშირის შავ სიაში ამჟამად 166 ფიზიკური პირი და 15 ორგანიზაცია და საწარმო შედის. ამას გარდა, „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებითი დასმის გამო, ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა. კერძოდ შეზღუდა ნავთობპროდუქტებისა და კალიუმის სასუქის იმპორტი.

დატოვე კომენტარი