ევროჯგუფი იტალიას 2019 წლის ბიუჯეტის ევროკავშირის ფისკალურ ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ერთკვირიან ვადას აძლევს
ევროჯგუფი იტალიის ხელისუფლებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადასახედად და ევროკავშირის ფისკალურ ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროჯგუფის თავმჯდომარემ, მარიო სენტენომ განაცხადა.
„იტალიას აქვს კიდევ ერთი კვირა, რათა ხელახლა წარადგინოს ბიუჯეტი“, – აღნიშნა ევროჯგუფის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ევროზონის ფინანსთა მინისტრები ეთანხმებიან ევროკომისიის შეფასებას, რომ იტალიის ბიუჯეტის პროექტი ევროპულ ნორმებს არ შეესაბამება.
„მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის შეფასებას და იტალიას მოუწოდეს მჭიდრო თანამშრომლობისკენ ჩვენი საბიუჯეტო წესების შესაბამისად ბიუჯეტის მომზადებაში“, – აღნიშნა სენტენომ.
23 ოქტომბერს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ იტალიას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება მოსთხოვა. ივნისში ევროკომისიამ იტალიას საბიუჯეტო დეფიციტის 0,6 პროცენტით შემცირება ურჩია, მაშინ როდესაც ბიუჯეტის პროექტში, პირიქით, საბიუჯეტო დეფიციტის 0,8-0,9 პროცენტით ზრდაა გათვალისწინებული სოციალური პროგრამების გასაფართოებლად.
იტალიას ევროკომისიისთვის ბიუჯეტის განახლებული პროექტის წარსადგენად 13 ნოემბრამდე აქვს ვადა.