„ევროჰუპსი“ - ამინდის გაუარესების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, ოკინავადან მანილაში გადავიდეს #1TVSPORT
ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა საკალათბურთო გამოცემამ, „ევროჰუპსმა“ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ფილიპინების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ალ პანლილიოს სიტყვებით იწყება:
„იმ შემთხვევაში, თუ ამინდის გაუარესების გამო იაპონიაში, „ოკინავა არენაზე“ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამართვა შეუძლებელი იქნება, ფილიპინები მზადაა, იაპონიის ორ ჯგუფს უმასპინძლოს“.
შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო მუნდიალი ერთდროულად სამ ქვეყანაში იმართება – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე. საქართველოს ნაკრები მოხვდა F ჯგუფში, რომლის მატჩებიც ოკინავაში გაიმართება.
სამივე ქვეყანა წყნარ ოკეანეშია, სადაც ტაიფუნები იშვიათობა სულაც არ არის. ერთ-ერთი ასეთი ტროპიკული შტორმი ამ კვირაში იაპონიის ქალაქ ტოტორის დაატყდა. ალბათობა დაბალია, თუმცა სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას არც მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გამორიცხავენ და სწორედ ამიტომ გააკეთა განცხადება ფილიპინების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.