ევროდეპუტატთა ნაწილი ითხოვს, რომ ევროპარლამენტის ყველა მოწყობილობასა და ქსელში შეიზღუდოს იმ რუსული მედიასაშუალებების ვებგვერდები, რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული
ევროდეპუტატთა ნაწილი ითხოვს, რომ ევროპარლამენტის ყველა მოწყობილობასა და ქსელში შეიზღუდოს იმ რუსული მედიასაშუალებების ვებგვერდები, რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული

მემარჯვენე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფმა, რომლის პოლონელი და იტალიელი ლიდერები ღიად ეწინააღმდეგებიან რუსეთის ომს, 15 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მოითხოვეს, შეიზღუდოს იმ რუსული მედიასაშუალებების ვებგვერდები, რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ინიციატივა წამოაყენა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა, რომელმაც განაცხადა, რომ სურს ევროპარლამენტმა დაბლოკოს „რაშა თუდეი“, „სპუტნიკი“, „ვესტი“, სხვა რუსული მედიების ვებგვერდებთან წვდომა პარლამენტის ყველა მოწყობილობასა და ქსელში.

„ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ინფორმაციულ უსაფრთხოებას, ინსტიტუციურ თანმიმდევრულობას და პარლამენტის სანდოობას რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართ დაკავებულ პოზიციაში“, – განუცხადა კოლსმა გამოცემას.

მისივე თქმით, ლატვიის ეროვნული მედიის მარეგულირებელმა ეს საკითხი პარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან დააყენა.

შეხვედრის ჩანაწერების მიხედვით, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერმა გამოხატა შეშფოთება, რომ მსგავსი აკრძალვა, შეიძლება, პრეცედენტი გახდეს სხვა ვებგვერდების დაბლოკვისთვის, „უსაფრთხოების გარდ,ა სხვა მიზეზებითაც“. ასევე აღინიშნა, რომ ამგვარი შეზღუდვების განხორციელებას თან ახლავს ტექნიკური და იურიდიული სირთულეები.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული მედიის ნაწილი დაბლოკა, ევროპაში ამ მედიასაშუალებების მასალა ინტერნეტში ხელმისაწვდომია.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში უკვე შეზღუდულია წვდომა სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“. ამ აპლიკაციის გამოყენება 2023 წლის მარტში აიკრძალა ევროპარლამენტის უსადენო ინტერნეტქსელსა და პარლამენტის მოწყობილობებზე.