ევრობასკეტის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ევროპის გარშემო მოგზაურობს. 11 და 12 აგვისტოს ის საქართველოშია და დღეს პირველ არხსაც ესტურა. გადაცემა „ტაიმაუტში“ მასთან ერთად იყვნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ევრობასკეტი 2022-ის თილისმა ბოუნსი.
შეგახსენებთ, რომ თასი 12 აგვისტოს დაგეგმილ საქართველო-ისრაელის მატჩზეც იქნება წარმოდგენილი. ამ შეხვედრაზე ისაუბრა ვლადიმერ ბოისამაც:
„ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ნაკრებისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. 10 აგვისტოს ისრაელთან შეხვედრაში უკეთ გამოჩნდება რა ეტაპზეა ჩვენი გუნდი. ვიმედოვნებ, გულშემატკივარი ბევრი მოვა და გაამხნევებს საქართველოს ნაკრებს. ქომაგის მხარდაჭერა გუნდს დიდ ენერგიას მატებს“.
ევრობასკეტის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაწყებულია:
„ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მსვლელობისას დღეში სამი მატჩია. საქართველოს ნაკრების თამაშებზე (ყველა 21 საათზე დაიწყება) ბილეთები ცალკე იყიდება. ხოლო წინა ორ მატჩზე ქართველ გულშემატკივარს ერთი ბილეთით შეეძლება შესვლა. ჯერ მხოლოდ ზედა იარუსების ბილეთებია გაყიდვაში, მალე ქვედა იარუსის ბილეთების ყიდვაც იქნება შესაძლებელი“.
„ტაიმაუტის“ წამყვანმა ბოისას NBA-ელ ქართველებზეც ჰკითხა.
„სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის საზაფხულო ლიგაში სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ძალიან კარგი მოთამაშეა. ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდა. რასაც ვუყურებ, მშვენიერ კონდიციებშია და ძალიან დაგვეხმარება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსა და ევრობასკეტზე.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ის ამერიკაშია. მწვრთნელებს და საექიმო შტაბს მუდმივი კონტაქტი აქვთ. მას აქვს ტრავმა და ველოდებით, რომ თქვას: კარგად ვგრძნობ თავს და მალე ჩამოვიდეს საქართველოში“.