ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები დღეს კვიპროსს დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს თბილისის დროით 19:15 საათზე ევრობასკეტზე კვიპროსს ეთამაშება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავზებთ.
მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის კვიპროსთან მოგება აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხი გადის. საქართველოს ერთი მოგება აქვს.
მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა გასულ ტურში საბერძნეთთან ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა – არ უთამაშია გოგა ბითაძეს, ხოლო თორნიკე შენგელიამ მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო მოედანზე.
შემდეგ სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გუნდმა ზუსტად იცის, რა მიზანი აქვს და შედეგის მისაღწევად რა სჭირდება. კვიპროსის ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მონაწილეა, მასპინძელმა გუნდმა გასული სამი თამაში კონკურენციის გარეშე დათმო. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველ ტურში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა, შემდეგ კი იტალიასა და საბერძნეთთან დამარცხდა.

ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ნაკრები დღესდღეობით ფავორიტია, თუმცა იყო დრო კვიპროსთანაც მარცხდებოდა: 2000 წელს სწორედ კვიპროსში გამართულ ევრობასკეტის საკვალიფიკაციოზე ჩვენს გუნდს კვიპროსთან გამარჯვება სჭირდებოდა, ბოლო წამებამდე იგებდა კიდეც, თუმცა კუნძულელებმა სამქულიანი ცენტრიდან ჩააგდეს, ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ უკვე ოვერტაიმში იმარჯვეს – 80:75. მაშინ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან შესარჩევში კვიპროსი და დანია მოხვდნენ, საქართველოს კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწია თამაში.
ერთი წლით ადრე, ასევე პირველ საკვალიფიკაციოში საქართველოს კვიპროსი 72:69 ჰყავს დამარცხებული და მომდევნო ეტაპზე ჩეხეთთან ერთად გავიდა.
ეს არის და ეს, კვიპროსთან მეტჯერ არ გვითამაშია. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 1:1. ევრობასკეტი 2025-ზე უნდა დავწინაურდეთ.

კომენტარი
ალექსანდრ ჯიკიჩი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
„მესამე ტურის წინ ასარჩევად ორი ვარიანტი გვქონდა: ან საბერძნეთთან ბოლომდე გვებრძოლა და მთელი ენერგია ჩაგვედო. ან გვეფიქრა ჯანმრთელობაზე, ენერგიის დაზოგვაზე და აქცენტი გადაგვეტანა ბოლო ორი მატჩის მოგებაზე (ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კვიპროსთან). მე მეორე გზა ავირჩიე. კვიპროსმა ყველა მატჩი წაგო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იოლად მოვუგებთ. როგორც ვთქვი, ბოლო ორი მატჩისთვის ძალების მაქსიმალური კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ“.
ქრისტოფოროს ლივადიოტისი, კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი:
„საქართველოს ნაკრები სხვადასხვა სახით ვიხილეთ. მაგალითად, სასტარტო ტურში სულ სხვა გუნდი იყო, ევროპის ჩემპიონებთან ფანტასტიკურად ითამაშეს, იტალიასთან პირველი ტაიმიც ძალიან კარგი იყო, იმავე მატჩში მე-2 ნახევარი და საბერძნეთთან თამაში კი კარგი აღარ ყოფილა. ჩემი აზრით, მათ კარგად შემუშავებული ტაქტიკა აქვთ და ჭკვიანურად მოქმედებენ. როგორც ჩანს, საქართველოს შერჩეული აქვს ის მატჩები, რომელთა მოსაგებადაც უნდა ითამაშოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს. მინდა, გითხრათ, რომ ქართველ კალათბურთელებს საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ და იცის, რასაც აკეთებს“.