ევრობასკეტი 2025 | დანიის ნაკრები თბილისში საუკეთესო შემადგენლობით მოემგზავრება #1TVSPORT
21 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დანიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ეს გახლავთ ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
მოგების შემთხვევაში ქართველთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. წაგების შემთხვევაში კი ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, როდესაც საქართველო სერბეთს ესტუმრება, ხოლო დანია ფინეთს უმასპინძლებს.
დანიელები თბილისური მატჩისთვის სერიოზულად ემზადებიან და ჩვენს დედაქალაქში ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ. მათ ამ მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბეს, რომელშიც არიან თორნიკე შენგელიას ყოფილი თანაგუნდელები: შეივონ შილდსი და იფე ლუნდბერგი. პირველთან თოკო „ბასკონიაში“ თამაშობდა, მეორესთან – „ვირტუს ბოლონიაში“.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი დანია-საქართველო მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 75:69.
დანიის ნაკრები
ბაკარი დიბა (ჰაიდელბერგი, გერმანია), იფე ლუნდბერგი (პარტიზანი, სერბეთი), მარკუს მიოლერი (უნიკახა, ესპანეთი), სილვესტერ ბერგი, დარკი იუკიჩი (ორივე – ბაკენ ბეარსი), იონას ზოჰორა (შიაულაი, ლიეტუვა), ლიამ ჩერჩილი (ჰორსენსი), მადს ბონდე (გიპუზკოა, ესპანეთი), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), ფრედერიკ დრეიერი, ტობიას იენსენი (ორივე – ულმი, გერმანია), გუსტავ კნუდსენი (შარლერუა, ბელგია), შევონ შილდსი (მილანი, იტალია).