ევრობასკეტი 2025 | დანიის დამარცხებით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ გავა - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | დანიის დამარცხებით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ გავა - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს „თბილისი არენაზე“ ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები დანიას უმასპინძლებს. შეხვედრა 20:50 საათზე დაიწყება, მის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ჩვენი ნაკრები თავის მეექვსე ევრობასკეტთან ძალიან ახლოსაა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს დანიის დამარცხება სჭირდება, რათა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს. საკმარისია თუნდაც 1 ქულით მოგება.

 

საქართველო

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა ამ მომენტისთვის ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა – ჩამოვიდნენ ევროლიგის კალათბურთელები კამარ ბოლდუინი ესპანური „ბასკონიიდან“ და თორნიკე შენგელია იტალიური „ვირტუსიდან“. NBA-ის მოთამაშეებს კი შუა სეზონში ნაკრებში არავინ უშვებს, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, უკვე ევრობასკეტზე გასვლის შემთხვევაში, აგვისტოში ჩამოვლენ.

დანიასთან მატჩისთვის გუნდი კარგად მოემზადა. თუმცა არ გვაქვს უფლება ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით მივუდგეთ, დანიაც კარგი გუნდია და მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება მის დასამარცხებლად. იმედი მაქვს გულშემატკივარი ისევე დაგვეხმარება, როგორც წინა შეხვედრებში“, – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის წინასიტყვაობა.

დანია

თუკი დანიამ იმარჯვა, ევრობასკეტზე გასასვლელად ბოლო ტურში სკანდინავიურ დერბიში ფინეთთან მოგებაც სჭირდება. ასე რომ, დანიელები მოსაგებად ემზადებიან და მათ თავი ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს. დანიამ 2017 წლის შემდეგ პირველად შეძლო შეივონ შილდსის ნაკრებში ჩამოყვანა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის საზრუნავიც სწორედ შილდსის და კიდევ ერთი ევროვარსკვლავის, იფე ლუნდბერგის განეიტრალება იქნება, ამ ორ კალათბურთელზე ძალიან ბერი რამეა დამოკიდებული.

დანიის ნაკრები: ბაკარი დიბა (ჰაიდელბერგი, გერმანია), იფე ლუნდბერგი (პარტიზანი, სერბეთი), მარკუს მიოლერი (უნიკახა, ესპანეთი), სილვესტერ ბერგი, დარკი იუკიჩი (ორივე – ბაკენ ბეარსი), იონას ზოჰორა (შიაულაი, ლიეტუვა), ლიამ ჩერჩილი (ჰორსენსი), მადს ბონდე (გიპუზკოა, ესპანეთი), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), ფრედერიკ დრეიერი, ტობიას იენსენი (ორივე – ულმი, გერმანია), გუსტავ კნუდსენი (შარლერუა, ბელგია), შევონ შილდსი (მილანი, იტალია).

 

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, ნესტვედში  დანიის ნაკრებმა საქართველო 75:69 დაამარცხა.

კალენდარი

21 თებერვალი

21:00 საქართველო-დანია

20:30 ფინეთი-სერბეთი

24 თებერვალი

23:00 სერბეთი-საქართველო

23:00 დანია-ფინეთი