ევრობასკეტი 2022 | თად მაკფადენის თამაში სათუო იყო, თუმცა მეორე ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს „მეტრო არენაზე“ 25 ნოემბერს მეორედ ივარჯიშა. დილის 11 საათზე დაგეგმილი ვარჯიში გაუქმდა, რადგან ჩამოსვლის დღეს კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტებიდან თად მაკფადენს პოზიტიური დაუფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელ უკანახაზელს კორონავირუსი გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ ესპანურ კლუბ „ბურგოსში“ არაერთი ტესტიც ჩაიტარა და მატჩებიც ითამაშა, თუმცა ვირუსის ამოუცნობი ბუნებისა თუ ტესტირების ხარვეზის გამო მაკფადენს ორი, საქართველოს ნაკრებს კი ერთი ვარჯიში გაუცდა.
თად მაკფადენს დილას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და სანამ პასუხი გაცხადდებოდა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების დელეგაცია სასტუმროში, მკაცრი კარანტინის პირობებში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბაბლის“ ორგანიზატორია ფიბა, კოვიდ 19-თან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ადგილობრივი, ამ შემთხვევაში ფინეთის შესაბამისი სამედიცინო უწყება იღებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მჭიდრო კომუნიკაციაში იყო ფინეთში საქართველოს საელჩოსთან და გაწეული დახმარების საპასუხოდ დიდ მადლობას უხდის ფინეთში საქართველოს ელჩს, ბატონ მალხაზ კაკაბაძეს.
საქართველოს ნაკრებს ვარჯიშის უფლება საღამოს დართეს, სანამ მაკფადენის განმეორებითი ტესტის პასუხი მოვიდოდა, რის გამოც ილიას ზუროსის გუნდმა ნატურალიზებული ამერიკელის გარეშე ივარჯიშა.
გიორგი შერმადინი:
„საქართველოს ნაკრები მეორე დღეა, ფინეთშია. ვვარჯიშობთ ესპოოს დარბაზში, სადაც 28 და 30 ნოემბერს ფინეთსა და შვეიცარიას ვეთამაშებით. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ და საწავრთნელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს აქვს დაგეგმილი. ველოდებით თორნიკე შენგელიას, რომელიც პირველი თამაშის წინა დღეს შემოგვიერთდება. 28-ში კი სრული ძალებით შევებრძოლებით ფინელებს.
ჩვენს პირველ მეტოქეს, ფინეთს კარგი მსროლელები ჰყავს. ჩემი თანაგუნდელია საშუ სალინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატშიც ერთ-ერთ გამორჩეულ მსროლელად ითვლება. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა. რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ სამქულიანების სასროლად.“