ევრობასკეტი 2022 | საქართველო-სერბეთის საკალათბურთო ისტორია - 3:2 „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ [ვიდეო]
ევრობასკეტი 2022 | საქართველო-სერბეთის საკალათბურთო ისტორია - 3:2 „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ [ვიდეო]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2011 წელს ევრობასკეტის საგზური მოიპოვა და მას მერე ნებისმიერი გრანდისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. საინტერესოა, რომ სერბეთთან ჩვენს გუნდს სადღეისოდ დადებითი ბალანსი აქვს – ხუთი ურთიერთშეხვედრიდან სამი მოიგო.

გთავაზობთ საქართველოსა და სერბეთის ნაკრებების ხუთივე დაპირისპირებას, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს ჩვენი გუნდი სერბეთს უმასპინძლებს, 21-ში – ფინეთს. ორივე მატჩი 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2013 – ანტიბის თასი

ანტიბი (საფრანგეთი)

სერბეთი-საქათველო 71:75

17:14, 25:13, 10:26, 19:22

საქართველო: ცინცაძე (17ქ, 5პ, 4ჩ), შერმადინი (7ქ, 12მ), მარკოიშვილი (11ქ, 3ჩ), ფაცაცია (6ქ, 3პ), სანიკიძე (19ქ, 6მ), სანაძე (3ქ), ცქიტიშვილი (2ქ, 3მ), ბურჯანაძე (3ქ), ლეჟავა (4ქ), ფხაკაძე (3ქ)

სერბეთი: ბოგდანოვიჩი (12ქ, 6მ), ბიელიცა (8ქ), მარკოვიჩი (3ქ), ნენად კრსტიჩი (14ქ), კალინიჩი (2ქ), ნემანია კრსტიჩი, დანგუბიჩი, მიტროვიჩი (4ქ), ანჩუსიჩი (13ქ), შტიმაცი (10ქ, 5მ), მიჩიჩი (5ქ).

საქართველოს ნაკრები სერბეთს პირველად 2013 წელს საფრანგეთის ქალაქ ანტიბში გამართულ ტურნირზე შეხვდა. მაშინ სლავებს დუშან ივკოვიჩი წვრთნიდა და ევროპის ჩემპიონობისთვის ემზადებოდნენ. საქართველო იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ევრობასკეტი 2013-სთვის გადიოდა გენერალურ რეპეტიციას, ტრავმირებული ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე.

საქართველო სერბეთთან 20:36 აგებდა, დიდი შესვენებისთვის კი ქართველები 27:42 ჩამორჩებოდნენ. ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, ქართველებმა თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინეს და სერბებს 15-ქულიანი ჩამორჩენა ერთ პერიოდში გაუბათილეს. მესამე მეოთხედი ქართველებმა 26:10(!) მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 53:52 დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდში კოკოშკოვის გუნდმა ტემპს კიდევ უფრო უმატა და ათქულიან უპირატესობას დაეპატრონა  66:56. სერბებმა წაგების საფრთხე რეალურად იგრძნეს და ტემპს უმატეს, რის შედეგადაც ჩამორჩენა 2 ქულამდე – 70:72 შეამცირეს, თუმცა ქართველებმა კბილებით შეინარჩუნეს უპირატესობა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

„ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას, – გვითხრა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, რომელსაც საფრანგეთში შევეხმიანეთ, – საქართველოს ნაკრებმა სამაგალითოდ ითამაშა დაცვაში და გამარჯვებასაც ამის ხარჯზე მივაღწიეთ. ჩვენ გვაკლდა რიკი ჰიკმანი, რომელმაც წინა მატჩში, ბოსნიასთან, ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, გუნდური თამაშისა და ძალისხმევის ხარჯზე მოვახერხეთ სერბების დამარცხება“.

 

2017 – აკროპოლისის თასი

ათენი (საბერძნეთი)

სერბეთი-საქართველო 66:68

20:15, 16:21, 19:14, 11:18

სერბეთიმაჩვანი (6ქ, 3პ), ბოგდანოვიჩი (15ქ, 3პ), ლუჩიჩი, მილოსავლიევიჩი (2ქ), ბირჩევიჩი (3ქ), მიჩიჩი (4ქ, 4პ), გუდურიჩი (7ქ), იოვიჩი (2ქ), კუზმიჩი (8ქ, 9მ), მარიანოვიჩი (19ქ, 8მ).

საქართველო: დიქსონი (8ქ), გამყრელიძე, ბოისა, ცინცაძე (9ქ, 5პ), შერმადინი (8ქ), სანაძე (10ქ), მარკოიშვილი (6ქ), ბერიშვილი, შენგელია (21ქ, 14მ, 3პ), ბითაძე (6ქ), ლონდარიძე.

60-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გურამ მინაშვილი იხსენებდა, რომ ქართველებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ დაიწყებდნენ თამაშს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ კარგად უნდა დაგვესრულებინაო.

2017 წელს საბერძნეთში „აკროპოლისის თასზე“ სწორედ ასე იყო საქართველოს ნაკრებიც. ისე მშვიდად მივიდა ბოლო წუთებამდე, თითქოს მატჩი წინასწარ ჰქონდა ნანახი:

მერე რა, რომ საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე სერბეთი 8 ქულით იგებდა (53:61), გიორგი ცინცაძემ 2+1 უნდა მშვიდად ჩააგდო, მაიკლ დიქსონმა – სამქულიანი (63:59) გამოიყენა, თორნიკე შენგელიამ საჯარიმოები (63:63), ხოლო საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე დუდა სანაძემ სამქულიანით თამაში მოიგო – 68:65.

არც გამარჯვების მოახლოებას აუფორიაქებია ჩვენი გუნდის კალათბურთელები, დარჩენილ 44-წამსაც ჩვეული სიდინჯით შეხვდნენ და ბოლო წამს ლუჩიჩის სამქულიანი ტყორცნის შემდეგაც ბურთი კალათიდან ამოვარდა და თორნიკე შენგელიას ჩაუვარდა ხელებში. რატომ შენგელიას? იმიტომ, რომ იგი მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო 14-ჯერ მოხსნა, 14-დან 12 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის ბომბარდირიც გახდა – 21 ქულა.

 

მსოფლიოს თასი 2019. შესარჩევი

2017. ბელგრადი

სერბეთი-საქართველო 105:87

21:21, 23:24, 30:19, 31:23

სერბეთი: რადანოვი, ტეპიჩი (2ქ), სიმონოვიჩი (12ქ), მაჩვანი (18ქ, 6პ), პაუნიჩი (8ქ, 5პ), ლეშიჩი, მარინკოვიჩი (5ქ), რადულიცა (28ქ, 8მ), ტოდოროვიჩი (8ქ), პენო (17ქ, 9პ), ჯოკოვიჩი (5ქ), გაგიჩი (2ქ).

საქართველო: დიქსონი (36ქ, 9პ), ბოქოლიშვილი (14ქ), მარკოიშვილი (10ქ, 7მ, 4პ), ცქიტიშვილი (6ქ), როგავა, ა. ბოისა, ფაცაცია, ბერიშვილი (11ქ), ბექაური, ბითაძე (8ქ).

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2017-ის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვნენ. გუნდი მთლიანად გადახალისდა, რადგან სანაკრებო კარიერა დაასრულეს ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ; ფიბა-სა და ევროლიგის დაპირისპირების გამო ვერ დაგვეხმარნენ ევროლიგის წარმომადგენლები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი; ტრავმის გამო გამოგვაკლდა გიორგი ცინცაძე…

ქართველთა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აქცენტი სამქულიანებზე გააკეთა, რასაც სერბები არ მოელოდნენ და ჩვენი გუნდისგან 14 სამიანი მიიღეს. თუმცა კლასმა მაინც თავისი გაიტანა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მაიკლ დიქსონმა ზეშედეგიანი მატჩი ჩაატარა. მან 36 წუთში 36 ქულა ჩააგდო, 10-დან 6 ორქულიანი, 11-დან 4 სამიანი და 13-დან 12 საჯარიმო გამოიყენა.

36 ქულა საქართველოს ნაკრების ისტორიული რეკორდის გამეორებაა. სწორედ ამდენი ჩააგდო ზაზა ფაჩულიამ 2006 წელს ფინეთში 81:91 წაგებულ მატჩში.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კალათბურთელებს, რომლებმაც მოედანზე ყველაფერი დადეს. სერბეთის დარ გამოცდილ გუნდთან კარგი მომზადება გჭირდება, ჩვენ კი მხოლოდ რამდენიმე დღე ვივარჯიშეთ ერთობლივად. ამის მიუხედავად, კარგად ვითამაშეთ,“ – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების დამრიგებლის ილიას ზუროსის კომენტარი ბელგრადიდან.

მსოფლიოს თასი 2019. შესარჩევი

2018. თბილისი

საქართველო-სერბეთი 50:87

11:18, 7:19, 18:23, 14:27

საქართველო: ციცაძე (4ქ, 2პ), მაკფადენი (18ქ), ბოქოლიშვილი, შენგელია (13ქ, 8მ), შერმადინი (4ქ, 4მ), ანდრონიკაშვილი (4ქ), სანაძე (2ქ), ბერიშვილი (3ქ), მამუკელაშვილი, ბითაძე (2ქ).

სერბეთი: სმონოვიჩი (6ქ), იელოვაცი (6ქ), მილოსავლიევიჩი (15ქ, 6მ, 4პ), მილუტინოვი (8ქ), ტოდოროვიჩი (24ქ, 6პ), მიჩიჩი (11ქ, 7მ, 5პ, 5ჩ), ჯოკოვიჩი (2ქ), დობრიჩი (2ქ), პენო, მარიანოვიჩი (13ქ, 6მ).

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი 2018 წლის ზაფხულში ჩაატარა. სერბეთთან 50:87 წაგებას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის შეფასება ასეთი იყო:

„ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს, ბოდიში ხალხს, ბოდიში საქართველოს… არა იმიტომ, რომ წავაგეთ, კალათბურთში სერბეთის დონის ნაკრებთან შეიძლება ნებისმიერი დამარცხდეს. ბოდიშს ვიხდი ჩვენი თამაშის ხარისხის გამო.

სათანადოდ ვერ ვიბრძოლეთ, არ ვიყავით აგრესიულები. ამის გამო თუ ვინმე ბრალს ჩემს კალათბურთელებს დასდებს, წინ აღვუდგები. წაგება პირველ რიგში ჩემი ბრალი იყო.

კალათბურთში არის კარგი და ცუდი მომენტები. ჩვენთვის სერბეთთან მატჩი ძალიან მძიმე მომენტი იყო. ცხადია, წაგებას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ასეთ მარცხს გამართლება არ აქვს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მომზადებაში ბევრმა ნიუანსმა შეგვიშალა ხელი. აქამდეც ვამბობდით, რომ ფიბა-ს მიერ შემოღებული ახალი საკალათბურთო კალენდრის პირობებში ყოველი მატჩისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს.“

 

ევრობასკეტი 2022. შესარჩევი

2020. ბელრგადი

სერბეთი-საქართველო 90:94

28:18, 20:23, 19:24, 23:29

სერბეთი: სიმონოვიჩი (9ქ), რადანოვი, იარამაზი (22ქ, 6პ), კრავიჩი (3ქ), ველიჩკოვიჩი (4ქ), რადულიცა (7ქ, 5მ), ტოდოროვიჩი (7ქ), ილიჩი, ზაგორაცი (4ქ, 5მ), ავრამოვიჩი (27ქ), რებიჩი (7ქ), ჯორჯევიჩი.

საქართველო: ცინცაძე (2ქ), ბოქოლიშვილი, სანაძე (7ქ), ბურჯანაძე (11ქ, 8მ), შერმადინი (23ქ, 11მ), ანდრონიკაშვილი (8ქ), ტურძილაძე (4ქ, 5მ), კორსანტია, ბერიშვილი (6ქ), მაკფადენი (33ქ, 7პ).

2020 წლამდე ქართველებს სერბეთთან ოთხი შეხვედრა ჰქონდათ გამართული. ანგარიში საყაიმო იყო – 2:2. საგულისხმოა, რომ ჩვენმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი მოიგო, ხოლო ორი ოფიციალური წააგო. ამჯერად ნავსი გატყდა და მეტოქე ოფიციალურ თამაშშიც დავამარცხეთ, თანაც სერბეთში – 94:90.

სერბულ გამოცემა RTS-ში მატჩის მიმოხილვა ასეთი სათაურით გამოქვეყნდა: „მაკფადენმა და შერმადინმა „არწივები“ გააოცეს, საქართველომ სერბეთი ბელგრადში დაიპყრო.“

ტექსტში ვკითხულობთ: „საუკეთესო კალათბურთელი ულაპარაკოდ თად მაკფადენი იყო, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო. ძალიან სასარგებლო გახლდათგიორგი შერმადინი – 23 ქულა, 11 მოხსნა.

ქართველთა ამერიკელი ნატურალიზებული სწრაფი შეტევებით იოლად აგროვებდა ქულებს. შერმადინს კი ვერაფერი მოუხერხეს სერბმა ცენტრებმა მიროსლავ რადულიცამ და დეიან კრავიჩმა

დაცვა თამაშის ხარისხის კარგი ინდიკატორია. სერბეთმა წინა ტურში ფინეთს მთელს თამაშში 58 ქულა ჩააგდებინა, საქართველოს ნაკრებისგან კი მხოლოდ მეორე ტაიმში 53 ქულა მიიღო. ჯამში 94 ქულა საკუთარ კალათში – ძალიან ბევრია!”

როგორ განვითარდა მოვლენები გადამწყვეტ მომენტში, ქრონოლოგია მოგვითხრობს:

4:19 – ბურჯანაძე 1+1 (81:78)

3:47 – მაკფადენი 3ქ (81:81)

3:34 – იარამაცი 3ქ (84:81)

3:00 – ავრამოვიჩი 2ქ (86:81)

2:15 – სანაძე 3ქ (86:84)

1:54 – ავრამოვიჩი 1+1 (88:84)

1:39 – ბერიშვილი 3ქ (88:87)

1:09 – შერმადინი 2ქ (88:89)

0:56 – რადულიცა 2ქ (90:89)

0:40 – მაკფადენი 3ქ (90:92)

0:06 – მაკფადენი 1+1 (90:94)

სერბეთის ნაკრებს ქართველთა ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი ხელმძღვანელობდა. ნამატჩევს მან ჩვენს გუნდზეც ილაპარაკა:

„კალათბურთი გუნდური სპორტია და ყოველთვის ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც ჩაფიქრებული გაქვს. თამაშისასაც იგრძნობოდა, რომ საქართველოს ნაკრები წლების განმავლობაში ერთი სისტემით თამაშობს, იმიტომ, რომ 2016 წლის შემდეგ ერთი სპეციალისტი წვრთნის. ქართველი კალათბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ და მათი გამარჯვებაც ამის ლოგიკური შედეგი იყო.“