ევრობასკეტი 2022 - ფინეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ტურნირზე მესამე მატჩს ფინეთში ადგილობრივ გუნდთან გამართავს. კოვიდპანდემიის გამო ფიბა-ევროპამ სანაკრებო მატჩების „ბაბლის“ სისტემით ჩატარება გადაწყვიტა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფინეთში საქართველოსა და მასპინძელთა ნაკრების გარდა ჯგუფის დანარჩენი ორი წარმომადგენელიც ჩავა – სერბეთი და შვეიცარია. 28-30 ნოემბერს დედაქალაქ ჰელსინკისთან მდებარე ქალაქ ესპოოში ოთხი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 28-ში ფინეთს დაუპირისპირდება, 30-ში – შვეიცარიას.
მასპინძლებს 2004 წლის შემდეგ მწვრთნელი არ შეუცვლიათ – ფინეთის ნაკრებს დღესაც გერმანელი სპეციალისტი ჰენრიკ დეტმანი ხელმძღვანელობს. მან ნოემბრის მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სხვა კალათბურთელებთან ერთად განაცხადშია „ჩიკაგო ბულსის“ 213 სმ სიმაღლის წინახაზელი ლაური მარკანენი.
„თუ საშუალება მომეცემა, ფინეთის ნაკრებს სიამოვნებით დავეხმარები. მარტის შემდეგ არ მითამაშია, ჩემი გუნდი, „ჩიკაგო ბუსი“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის აგვისტოს „ბაბლში“ არ მონაწილეობდა. ასე რომ, ძალიან მინდა მოედანზე გამოსვლა, საქართველოსა და სერბეთთან თამაში“, – განაცხადა მარკანენმა.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი შვეიცარიაში 69:64 მოიგო, ხოლო შინ სერბეთთან 58:80 დამარცხდა. საქართველო კი ნოემბრის შეხვედრებს ორი მოგებით ხვდება: თბილისში შვეიცარია ოვერტაიმში 96:88 დაამარცხა, ხოლო ბელგრადში სერბეთს 94:90 აჯობა. შეგახსენებთ, რომ ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ევრობასკეტი 2022-ზე სამი გადის. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში დაბევებული აქვს. ევროპაზე მოხვედრისთვის რეალურად ფინეთი, სერბეთი და შვეიცარია იბრძვიან.
გთავაზობთ ფინეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას: ააპელი ალანენი, მიკაელ იანტუნენი, ტუუკა კოტი, ალექს მერფი, რემუ რაიტანენი, მაქს ბესელინკი, ანტი კანერვო, კარლ ლინდბუმი, ერიკ მერფი, საშუ სალინი, დანიელ დოლენცი, ჰენრი კონტონენი, ალექსანდერ მადსენი, იუჰუ ნენონენი, ილარი სეპალა, შაუნ ჰოპკინსი, მიკო კოივისტო, ლაური მარკანენი, მატი ნუუტინენი, ელიას ვალტონენი, შაუნ ჰაფი, პეტრი კოპონენი, ედონ მაქსუნი, ტოპიას პალმი, ჯამარ ვილსონი.