პოლ ვონდორენის სტატია „ევრაქტივზე“ - საქართველოს უდავოდ პროევროპული და პრონატოელი მთავრობა ჰყავს, რომლის ლიდერები არ მალავენ, რომ მართლაც სურთ ამ ორ დასავლურ კლუბში გაწევრიანება
ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პროევროპული სახელმწიფოები, როგორიც საქართველოა, კვლავ ხედავდნენ ევროკავშირს, როგორც მათ საბოლოო მიზანს, – აღნიშნულია გამოცემა „ევრაქტივზე“ გამოქვეყნებულ პოლ ვანდორენის სტატიაში. პოლ ვანდორენი ხორვატიასა და რუსეთში ევროკავშირის ყოფილი ელჩია.
„უფრო აღმოსავლეთით, სამხრეთ კავკასია ევროკავშირისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. საქართველოს უდავოდ პროევროპული (და პრო-ნატო) მთავრობა ჰყავს, რომლის ლიდერები არ მალავენ, რომ მართლაც სურთ ამ ორ ექსკლუზიურ დასავლურ კლუბში გაწევრიანება“, – წერს ვანდორენი.
ხორვატიაში ევროკავშირის ყოფილი ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეს გეგმა ასევე ძალიან პოპულარულია საზოგადოებაშიც, რადგან მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. სტატიაში ასევე ნახსენებია 2016 წელს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც, ავტორის თქმით, საკმაოდ ამბიციური იყო.
„ეს საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის აქტი იყო, რადგან მან განამტკიცა მისი ევროპული იდენტობა და მისი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია უფრო მჭიდროდ დაუკავშირა ევროკავშირს“, – წერს ვანდორენი.
„ევრაქტივის“ სტატიაში ასევე ნახსენებია რუსეთის ფაქტორიც. „არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაფერს ართულებს, 2008 წლის ომის შედეგად, საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული, იმ დროს, როცა მე მოსკოვში ევროკავშირის საელჩოში ვმუშაობდი“, – წერს ყოფილი ელჩი.
ვანდორენი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და რუსეთის მუდმივი კიბერთავდასხმები და დეზინფორმაციის კამპანიები განზრახ არის მიმართული საქართველოს მთავრობის მიზნის, ევროკავშირთან დაახლოების შესაჩერებლად.
„ეს საკმარისი მიზანია, რათა მოხდეს დაუყოვნებელი და მოტივირებული ჩარევა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირის გეოპოლიტიკური გავლენა და ძალაუფლება მოდის მისი შესაძლებლობიდან, იყოს მაგნიტი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საკუთარი წარსულის განსაცდელისგან გაქცევას ცდილობენ. განსაკუთრებით კი, ისინი, რომლებაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი გამოიარეს“, – წერს ვანდორენი.
როგორც ხორვატიაში ევროკავშირის ყოფილი ელჩი წერს, ბრიუსელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ევროკავშირს, როგორც თავიანთ მთავარ მიზანს, ხედავდნენ. სტატიის ავტორი ევროკავშირს შემდეგი ნაბიჯების მონახაზსაც სთავაზობს და აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ქვეყნის საჯაროდ მხარდაჭერა და მისი მიღწევების აღიარება უნდა იყოს.
„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ეკონომიკურ რენესანსს ხედავს. საქართველო ამჟამად ბიზნესის თავისუფლების რანგში მეშვიდე ადგილზეა და ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26-ს უსწრებს. ეკონომიკური თავისუფლების დონით კი, მე-12 ადგილზეა. მთავრობამ სიღარიბე 50 პროცენტით შეამცირა, მსოფლიო ბანკის თანახმად, ქვეყნის ღარიბმა მოსახლეობამ მთავრობის სოციალური პოლიტიკით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით ისარგებლა. ასეთი მიღწევები იმსახურებს საჯარო აღიარებას“, – წერს ავტორი.
მისი თქმით, საქართველოს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს კორონავირუსის კრიზისის შემდეგაც.
„ინსპირაციისთვის, ფონ დერ ლაიენის კომისიამ უნდა შეხედოს ბალტიის ქვეყნებისა და ხორვატიის მაგალითს, სადაც პროდასავლური, რეფორმატორული და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყნებია – ჩაერთეთ, ჩაერთეთ, ჩაერთეთ“, – წერს ვანდორენი.