„ევროაქტივი“ ბრიტანელი დეპუტატის სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „დასავლური დემოკრატია კვლავ წინ მიიწევს – უბრალოდ შეხედეთ საქართველოს“

23:52, 22.06.2020

„დასავლური დემოკრატია კვლავ წინ მიიწევს – უბრალოდ შეხედეთ საქართველოს“, – ამ სათაურით საავტორო სტატიას გამოცემა „ევროაქტივში“ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, კონსერვატორი პარლამენტარი ენდრიუ როსინდელი აქვეყნებს.

როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი წერს, „როდესაც პოლიტიკაში და მედიაში ლიბერალური დემოკრატიის უკუსვლის გლოვა ასე პოპულარულია და ზოგიერთ რეგიონში მართლაც ასეა, უკუსვლა უნივერსალური მოვლენა არ არის“. მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში დემოკრატია მდგრადია და კვლავ ფართოვდება.

ბრიტანელი დეპუტატის თქმით, დღეს გაერთიანებული სამეფოს ბრექსიტის შემდგომ როლზე მსოფლიოში ბევრს მსჯელობენ და ეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ უნდა გავავრცელოთ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შესაძლებლობები. დიდი ბრიტანეთი საპარლამენტო დემოკრატიის სამშობლოა. ღირებულებები, რომლებიც ჩვენს დემოკრატიაში ჩანერგილია – სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, კანონის უზენაესობა. ეს ყოველივე გამომდინარეობს მთავარი ღირებულებიდან, რომ ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს და თავად მიიღოს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. დიდი ბრიტანეთის ბევრი ინსტიტუტი, დაწყებული „უორლდ სერვისიდან“ და დასრულებული „ბრიტანეთის საბჭოთი“, დღესაც პირდაპირ ან ირიბად ავრცელებენ ამ ღირებულებებს მსოფლიოში. ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია“, – წერს ბრიტანელი დეპუტატი.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას არ უნდა ეშინოდეს იმ სახელმწიფოების კრიტიკა, რომლებიც ამ ღირებულებებს არ იცავენ. ამ კონტექსტში როსინდელი აქებს გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და ავსტრალიის განცხადებას, რომელშიც ჩინეთის მიერ ჰონგ კონგის მისამართით გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯებია დაგმობილი.

„თუმცა, ამავდროულად ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ პოზიტიურსაც. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უნდა გაამხნევოს და დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ავითარებენ ძალისხმევას თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ეს რეგიონები უნდა იყოს პრიორიტეტული გაერთიანებული სამეფოსთვის ვაჭრობის, დახმარებისა და დიპლომატიური თანამშრომლობის კუთხით“, – წერს როსინდელი.

ასეთ ქვეყნად ბრიტანელი დეპუტატი საქართველოს ასახელებს.

„საქართველო პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც ბრექსიტის შემდეგ ხელი მოაწერა სავაჭრო შეთანხმებას გაერთიანებულ სამეფოსთან და საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ დაწერა, რომ „საქართველოში ბრექისტს ხედავენ, როგორც შესაძლებლობას, რათა დიდმა ბრიტანეთმა დაადასტუროს, რომ ის დასავლური საზოგადოების ლიდერია და გააფართოვოს სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები მსოფლიოსთან. ბრექსიტის შემდგომ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მიერ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ამის მაგალითია“.

„ქართულის ოცნების“ მთავრობამ აამოქმედა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და მოდერნიზაცია. შედეგად, მსოფლიო ბანკმა „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ ინდექსში საქართველო მეშვიდე ადგილზე დაასახელა. საქართველო წელს პირველად შეუერთდა ნატო-ს კიბერუსაფრთხოების პლატფორმას. მანამდე ამ პლატფორმის მონაწილე ნატო-ს არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ფინეთი იყო“, – აცხადებს ბრიტანელი დეპუტატი.

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატული რეფორმების გატარებაშიც.

„თუმცა, ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი. ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი მიესალმნენ საარჩევნო რეფორმას, რომელიც 8 მარტს გაფორმდა და ეს დემოკრატიის განმტკიცების გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასეს, რაც საქართველოს ნატო-სთან და დასავლეთთან დაახლოებს. სამწუხაროდ, საარჩევნო რეფორმა ჯერ არ მიუღიათ. ოპოზიცია, რომელმაც 8 მარტის შეთანხმებას მოაწერა ხელი, კვლავ ითხოვს რამდენიმე წევრის ციხიდან გათავისუფლებას, რის გარეშეც ისინი არ დაუჭერენ მხარს შეთანხმებას. ოპოზიციის ორი წევრი შეიწყალეს და გამოუშვეს ციხიდან, მესამე ჯერ პატიმრობაშია. ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს საარჩევნო სისტემაზე, ისევე, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური ჩარევის საკითხების გადაჭრაზე. გაერთიანებული სამეფო, ისევე, როგორც ჰონგ კონგის შემთხვევაში, საქართველოსაც აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი დემოკრატიული რეფორმების ამბიციებში, რათა დემოკრატიის ალი უფრო ძლიერად იწვოდეს“, – წერს ბრიტანელი დეპუტატი სტატიაში.

მსგავსი