ევრო2020-ს შესარჩევი იწყება - შვეიცარია საქართველოსთან მოგებას იმედოვნებს
ევრო2020-ს შესარჩევი იწყება - შვეიცარია საქართველოსთან მოგებას იმედოვნებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ შეხვედრას 23 მარტს ჩაატარებს.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის საწყის მატჩში, ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე გამართა. ბოლო ვარჯიშს ტრავმის გამო გიორგი მერებაშვილიც გამოაკლდა.  გუნდს ტრავმების გამო ვერც ლიდერები გიორგი ჩაკვეტაძე და ლევან მჭედლიძე დაეხმარებიან.

შვეიცარია ბოლო წლებში საგრძნობლად გაძლიერდა, მსოფლიოს რეიტინგში მე-8 ადგილზეა და თბილისში ფავორიტის სტატუსით ჩამოვიდა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა მატჩისთვის მზადება თბილისში გამართული ვარჯიშით დაასრულა.

შვეიცარიის ნაკრები საქართველოს სერიოზული დანაკლისით ესტუმრა; ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს ტრავმის გამო სამი ძირითადი თავდამსხმელი დააკლდა – ჰარის სეფეროვიჩი, სერდან შაჩირი და ადმირ მეჰმედი. ამის მიუხედავად, დინამო-არენაზე მედიასთან შეხვედრაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეტკოვიჩმა განაცხადა, რომ თბილისში სამი ქულის მოპოვებას იმედოვნებს.

„საქართველოს ნაკრები ძალისმიერი და ტექნიკური ფეხბურთის ნაზავია. თბილისის დინამოც კარგად მახსოვს, ამ გუნდის წარმატებები და ძალიან ტექნიკური თამაში. ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან და მათ ჩვენი პლუსები უნდა დავუპირისპიროთ. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ კარგი შედეგი ვაჩვენოთ” – ამბობს შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

შვეიცარიის ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ხუთი წელია არ წაუგია.

„წარმატების ბევრი შრომისა და ცოდნის შედეგია. მოედანზე ყოველთვის თავდაჯერებულები გავდივართ, მაგრამ არა – ქედმაღლები. თბილისშიც შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. მართალია, შაჩირი, სეფეროვიჩი და მეჰმედი დაგვაკლდა, მაგრამ ასე ხშირად ხდება. ასეთ დროს სხვებს უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის საშუალება და მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ. ჩვენ კი, სამეულის სათანადო დონის შემცვლელები გვყავს. იმედია, სამ ქულას მოვიპოვებთ და შესარჩევ ეტაპს კარგი განწყობით დავიწყებთ,” – განაცხადა პეტკოვიჩმა.

საქართველოს ნაკრებს შემტევ გუნდათ მიიჩნევს შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი შტეფან ლიხშტაინერი.

„ჩვენს დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებს უპირატესობა აქვს, რადგან საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებს. ჩვენი მეტოქე შემტევი გუნდია და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. უნდა შევეცადოთ, ჩვენი თამაში თავს მოვახვიოთ და სასურველ მიზანს მივაღწიოთ,” – თქვა ლიხშტაინერმა.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, „დინამო არენაზე” გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 18:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.