ევრო 2025 | საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩამდე მარტინში ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ევრო 2025-ის მესამე ტურის მატჩამდე სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა.
ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს – „ემპოლის“ მცველმა ევრო 2025-ის მეორე ტურში, საფრანგეთის ნაკრებს მეორე გოლი გაუტანა, მაგრამ მერე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. 21-წლამდელების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. ეს საკითხი გუნდის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის დღეს გადაწყდება.
ევრო 2025-ის მესამე ტურამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად პორტუგალიასთან (რომელსაც 4 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა) მხოლოდ მოგება აძლევს ხელს, შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.