ევრო 2025 | რამაზ სვანაძე - ჩვენ უფრო ინტენსიური ფეხბურთი გვჭირდება, იმედია, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ მოვხვდებით #1TVSPORT
ევრო 2025 | რამაზ სვანაძე - ჩვენ უფრო ინტენსიური ფეხბურთი გვჭირდება, იმედია, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ მოვხვდებით #1TVSPORT

ევრო 2025-ის მესამე ტურში პორტუგალიასთან წაგების (0:4) და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და განვლილი თამაში და ტურნირზე გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„ამ დღეებში ბევრს საუბრობდნენ ჩვენს იღბლიანობაზე, მაგრამ ბოლო თამაშებში, მგონი, ყველაფერი შეიცვალა. მატჩის დასაწყისში მიღებულმა წითელმა ბარათმა გეგმები აგვირია. პორტუგალია ძლიერი გუნდია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოდიშარიას გაძევებამ თამაშზე გავლენა მოახდინა, შემდეგ დასანანი გოლიც მივიღეთ. მეორე ტაიმში გარისკვა ვცადეთ, თუმცა სამი გოლი არ უნდა გაგვეშვა – დაღლილობამ იჩინა თავი და ფეხბურთელებიც მიხვდნენ, რომ ასეთ ვითარებაში წარმატების მიღწევა რთული იყო.

იმედია, ამ თაობიდან ეროვნულ ნაკრებში ბევრი მოხვდება, ვიმედოვნებთ, რომ 21-წლამდელების ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კიდევ გავა. გამოვვარდით, თუმცა, სხვა მხრივ, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, თანაც ძალიან ღირსეულად – ბოლო ტურამდე ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა.

გული მწყდება, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია არ ვიყავით. ორი ცენტრალური მცველის ტრავმას საბა საზონოვის დაზიანებაც დაემატა. უნდა აღვნიშნო, რომ საბამ რაც გააკეთა, გმირობა იყო – მის საქციელს სხვაგვარად ვერ შევაფასებ. მთლიანობაში, თავი იჩინა ფეხბურთელების უთამაშებლობამ – მათ შორის, ლიდერებიც არ იყვნენ მზად, ყოველ მესამე დღეს ეთამაშათ, სიგუას ფრანგებთან მატჩის შემდეგ კუნთის პრობლემა შეექმნა.

საქართველოში მწვრთნელების პრობლემაა არ არის, მაგრამ მოთამაშეებს მეტი ინტენსივობით თამაში სჭირდებათ. ასეთ დონეზე სწორედ ესაა გასაღები – სწრაფი ტემპი და ინტენსივობა. საფრანგეთსა და პორტუგალიელებზე რომ არაფერი ვთქვათ, პოლონეთის ჩემპიონატშიც სწრაფ ტემპში თამაშობენ, ჩვენს მოთამაშეებს კი ასეთ პრაქტიკა აკლიათ“.