ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრა - კიტეიშვილი გუნდთან ერთადაა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ფელბერტში ივარჯიშა და გეზი ჰამბურგისკენ აიღო, სადაც ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
პირველ ტურში საქართველო თურქეთთან 1:3 დამარცხდა, ხოლო ჩეხეთი პორტუგალიასთან – 1:2.
ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგის სტადიონზე ვარჯიშს აღარ ჩაატარებს. მატჩის მასპინძელ არენაზე არც ჩეხეთის ეროვნული ნაკრები ივარჯიშებს, რომელმაც საწვრთნელი პროცესი ასევე ბაზაზე გამართა.
ეროვნულ გუნდთან ერთად ჰამბურგში გაემგზავრა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა და ჯერ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 22 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.