ევრო 2024 | რევაზ ჩელებაძე - მამარდაშვილის ფასი გაორმაგდება, ლობჟანიძეს კი ვურჩევ, დაწყნარდეს, უარესებიც მომხდარა #1TVSPORT
რევაზ ჩელებაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ იმყოფება. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულის მოპოვებაში გიორგი მამარდაშვილის დამსახურება გამოარჩია, ამავე დროს, საბა ლობჟანიძეს გაამხნევა.
„იღბალი არ გვწყალობდა პირველ მატჩში, მეორეში კი იღბალი ჩეხებს მამარდაშვილმა წაართვა, მაგრამ ბოლო წამებზე ისევ ჩვენ არ გაგვიღიმა, თორემ 1/8-ფინალში ვიყავით გასულები.
ჩეხები გამოცდილები არიან და კლასი აჩვენეს. ყველასთან ბოდიში, მაგრამ 70 პროცენტი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომ ქულა მოვიპოვეთ – საქართველოში ბევრი კარგი და ძლიერი მეკარე მინახავს, მაგრამ დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ ნაკრებში მეკარის ასეთი თამაში არ მახსოვს.
გიორგი ახლა გამორჩეულია არა მხოლოდ ქართველებში, არამედ მსოფლიოში და ეს გადაჭარბებული სიტყვები არ არის – ეს ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა. ამ დონის ტურნირზე ასე რომ თამაშობს, უზომოდ მეამაყება. დარწმუნებული ვარ, მისი ფასი გაორმაგდება და ძალიან მაღალი დონის გუნდში გადავა.
სასწაული ხდებოდა, საბა ლობჟანიძეს რომ გაეტანა. ახლა აჯობებს, დაწყნარდეს. ასეთივე და უარესიც მომივიდა ერევნის „არარატთან“. მე რიგით მატჩში ბევრად ადვილად გასატანი ბურთი გავაფუჭე, მაგრამ ამან უფრო გამზარდა. საბას მივმართავ – ამ მატჩს სხვა დატვირთვა ჰქონდა და იცოდეს, უარესებიც მომხდარა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, მომენტი კიდევ ჩაუვარდება და აუცილებლად გაიტანს“.