ევრო 2024 | პირველი პენალტების სერია ევროპის ჩემპიონატზე - პორტუგალიის ნაკრები მეოთხედფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ფრანკფურტში ევრო 2024-ის მერვედფინალური ეტაპის მეექვსე მატჩი გაიმართა. პორტუგალიისა და სლოვენიის ნაკრებების შეხვედრის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტები პორტუგალიელები აღმოჩნდნენ, მატჩის გმირი კი მათი მეკარე დიოგუ კოშტა გახდა – 3:0.

ფაქტები

  • პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში პირველი ტაიმის შემდეგ დაწინაურებული 2004 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა. მაშინ, ნახევარფინალურ შეხვედრაში პორტუგალიელებმა ნიდერლანდებს პირველი ტიამი 1:0 რონალდუს გატანილი გოლით მოუგეს.
  • 41 წლის და 126 დღის პეპე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც დიდი საერთაშორისო ტურნირის პლეი ოფის შეხვედრაში ითამაშა.
  • კრიშტიანუ რონალდუმ ამ ევროპის ჩემპიონატზე იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც გოლი არ გაუტანიათ, კარისკენ დარტყმა ყველაზე მეტჯერ, 19-ჯერ სცადა.
  • რონალდუმ ევროპის ჩემპიონატებზე ჯარიმიდან 33-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.
  • ამ შეხვედრის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში პორტუგალიის ნაკრების ბოლო 7 მატჩიდან 5 დამატებით დროში გადავიდა. სულ კონტინენტის პირველობაზე პორტუგალიელებმა დამატებით დროში 8-ჯერ ითამაშეს.
  • ეს მატჩი პირველია ევრო 2024-ზე, რომელშიც პენალტების სერია დაინიშნა.
  • კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის განმავლობაში 30-ე პენალტი ვერ გამოიყენა.
  • სლოვენიის ნაკრები ევრო 2024-ს ისე გამოეთიშა, რომ ძირითად დროში თამაში არ წააგო.
  • დიოგუ კოშტა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელმაც პენალტების სერიაში 3 დარტყმა მოიგერია.

მატჩის პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა პორტუგალიას ჰქონდა. რობერტო მარტინესის გუნდი მოედნის თითოეულ მონაკვეთში კონტროლის დაწესებას ცდილობდა.

34′ წუთი. პირველი ძალიან სახიფათო მომენტი პორტუგალიამ საჯარიმო დარტყმით შექმნა. გოლის გატანა რონალდუს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

45+2′ წუთი. პორტუგალიას კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი. საჯარიმოში ყველას ჟოაო პალინიამ დაასწრო, თუმცა ინგლისური „ფულემის“ ნახევარმცველის დარტყმის შემდეგ ბურთი იან ობლაკის კარის მარცხენა ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

62′ წუთი. კონტრშეტევებზე ჩასაფრებულმა სლოვენიამ თავისი მომენტი 62-ე წუთზე მიიღო. ბენჟამინ შეშკომ პორტუგალიელთა ვეტერან ცენტრალურ მცველს, პეპეს გაასწრო და მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კოშტას კარს აცდა.

103′ წუთი. დამატებითი პირველი ტაიმის მიწურულს პორტუგალიელთა თავდამსხმელი დიოგუ ჟოტა სლოვენიის ნაკრების საჯარიმოში შეიჭრა, რა დროსაც ის წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ნიშნულთან ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (14 გოლი) კრიშტიანუ რონალდუ მივიდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი იან ობლაკმა მოიგერია.

115′ წუთი. ბენჟამინ შეშკოს გოლის გატანის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა. მოედნის ცენტრთან ახლოს პეპე შეცდა, სლოვენიელი მეკარესთან ისევ პირისპირ გავიდა, თუმცა ამჯერად მას დიოგო კოშტამ აჯობა.

 

პენალტების სერია დიოგუ კოშტას მოგერიებით დაიწყო, პორტუგალიელმა მეკარემ ილიჩიჩს არ გაატანინა. სერიაში ზუსტი იყო რონალდუ, მან ობლაკს ამჯერად მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაურტყა.

დიოგუ კოშტამ შეშკოს არც პენალტების სერიაში მისცა გოლის გატანის საშუალება, რის შემდეგაც ბრუნო ფერნანდეშმა თავისი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და პორტუგალია 2:0 დაწინაურდა.

სლოვენიელთა მხრიდან მესამე დარტყმა ვერბიჩმა შეასრულა და კოშტამ ისიც მოიგერია. გადამწყვეტი პენალტი ბერნარდუ სილვამ გაიტანა და პორტუგალია შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პორტუგალიის ნაკრების მეტოქე ევრო 2024-ის მეოთხედფინალში საფრანგეთი იქნება. მატჩი 5 ივლისს ჰამბურგში ჩატარდება.