ევრო 2024 | ოთარ კაკაბაძე - ვეცდებით, ეს ბედნიერი დღეები კიდევ გავიხანგრძლივოთ #1TVSPORT
ესპანეთის წინააღმდეგ ევრო 2024-ის მერვედფინალში გასამართი მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.
„გუნდში ძალიან პოზიტიური გარემოა. დიდი მონდომებით და შემართებით ვემზადებით. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სახით რთული მეტოქე გვყავს, ვეცდებით, ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი არ დამთავრდეს და ეს ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ გავიხანგრძლივოთ“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.
ცხადია, საპირისპირო ემოციებისთვის ემზადებიან ესპანელი ფეხბურთელები და თავდაჯერებულობას არ მალავენ. თუმცა, აღიარებენ, რომ ქართველებთან რთულ თამაშს ელიან.
რობინ ლე ნორმანი, მცველი: „რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ ვართ თავდაჯერებულები, რადგან ახლა კარგი პერიოდი გვაქვს, სამი თამაშია, ბურთი არ გვიშვებია და სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. შარშან ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსთან 7:1 მოვიგეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და იმ საღამოს ძალიან კარგად ვითამაშეთ, შვიდი გოლის გატანა ადვილი არ არის. თუმცა იმ დღეს თითქმის სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ, კიოლნში კი სრულიად განსხვავებული თამაში გველის“.
ნიკო უილიამსი, თავდამსხმელი: „აქ ყოფნა და საუკეთესო ფეხბურთელებთან მუშაობა მეტის მიღწევაში მეხმარება. ჩემი ძალა მეტოქეებთან ერთი ერთზე თამაშია. საქმეს ის მიადვილებს, რომ ჩემი თანაგუნდელები სრულყოფილ პასებს მაძლევენ. ეს მომწონს და საქმეს მიადვილებს. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოზიციაზე კარგი შეთამაშება გვქონდეს, ჯერჯერობით კი ამას ძალიან კარგად ვაკეთებთ და ვფიქრობ, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ“.