ევრო 2024 | გიორგი ქოჩორაშვილი - ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი ქოჩორაშვილი - ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემამ, „დიარიო ასმა“ გიორგი ქოჩორაშვილზე წერილი გამოაქვეყნა და ივარაუდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მალე ლა ლიგა 2-ის „ლევანტეს“ დატოვებს და უკეთეს კლუბში გადავა.

„საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ევრო 2024-ის პლეი ოფში ესპანეთის მეტოქე იქნება. ქართველი ფეხბურთელი 2017 წლიდან ესპანეთში თამაშობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მალე ის უკეთესი კლუბიდან მიიღებს შეთავაზებებს.

გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაშის გამო, „ვალენსია“ და ამ ქალაქის მეორე კლუბი, „ლევანტე“ ხელებს იფშვნეტენ. 24 წლის ნახევარმცველი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ყველა გააოცა, მერვედფინალში გავიდა და კვირას ესპანეთს დაუპირისპირდება.

ქოჩორაშვილის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გადაცემებს 93%-ანი სიზუსტით ასრულებს, ხოლო თამაშის დროს 8,7-ჯერ ახერხებს მეტოქის გადაცემის ჩაჭრას.

გიორგის „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. Მან ესპანეთში შვიდი წელი გაატარა და ესპანურად იდეალურად საუბრობს. 2017 წელს „ჟირონას“ ახალგაზრდულ გუნდში თბილისის „საბურთალოდან“ იჯარით გადავიდა. მან ასევე ითამაშა „პერალადაში“, „კასტელონში“, გასულ ზაფხულს კი „ლევანტეს“ პირველ გუნდში დაბრუნდა.

ქართველი ნახევარმცველი ესპანეთთან მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს: „ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, ყველა ტურნირზე ფავორიტია, ამიტომ ისევე უნდა ვიყოთ მზად საბრძოლველად, როგორც პორტუგალიასთან. ჩვენ მსოფლიოს მერვედფინალში უმაღლესი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ“.

ქართველმა ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. „ლევანტეში“ ჩატარებულ 24 თამაშში ორი გოლი გაიტანა. სავარაუდოა, რომ მასთან დაკავშირებით „ლევანტე“ შეთავაზებებს უახლოეს პერიოდში მიიღებს. „ქოჩო“ აუცილებლად გააგრძელებს ასპარეზობას უკეთეს ევროპულ ლიგაში, მაგრამ მანამდე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს – ეს ვილი სანიოლის ნაკრებისთვის ერთ-ერთი უდიდესი მატჩი იქნება“, – წერს ესპანური გამოცემა.

ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.