ევრო 2024 | ესპანეთი მეოთხედ თუ ინგლისი პირველად - ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2024 | ესპანეთი მეოთხედ თუ ინგლისი პირველად - ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 14 ივლისს ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთის წინაშე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები წარსდგებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ფაქტები

  • ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ თამაშობს ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ევრო 2020-ზე გარეთ საუთგეიტის გუნდი ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
  • ეს გუნდები ბოლოს დიდ ტურნირზე (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი) ევრო 1996-ის მეოთხედფინალში შეხვდნენ. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ინგლისმა 4:2 გაიმარჯვა. იმ შეხვედრაში ინგლისელთა ამჟამინდელი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
  • დიდ ტურნირებზე ესპანეთმა ინგლისს მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგო – 1:0. აღსანიშნავია, რომ ესპანელებს ინგლისელები ევროპის ჩემპიონატებზე (4 მატჩი ჩაატარეს) არასდროს დაუმარცხებიათ.
  • ახალგაზრდული ნაკრებების (U21) დონეზე ინგლისმა ესპანეთს 2023 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოუგო, ის მატჩი ბათუმში გაიმართა. ახალგაზრდული ნაკრების იმ შემადგენლობიდან დღევანდელ ნაკრებში ალექს ბეანა, კოულ პალმერი და ენტონი გორდონი თამაშობენ.
  • ესპანეთის ნაკრები მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდება.

 

ესპანეთის ნაკრების გზა ფინალამდე

ჯგუფური ეტაპი (B ჯგუფი)


ესპანეთი – ხორვატია 3:0

ესპანეთი – იტალია 1:0

ესპანეთი – ალბანეთი 1:0

მერვედფინალი


ესპანეთი – საქართელო 4:1

მეოთხედფინალი


ესპანეთი – გერმანია 1:1 დ.დ. 2:2

ნახევარფინალი


ესპანეთი – საფრანგეთი 2:1

 

ინგლისის ნაკრების გზა ფინალამდე

ჯგუფური ეტაპი (C ჯგუფი)


ინგლისი – სერბეთი 1:0

ინგლისი – დანია 1:1

ინგლისი – სლოვენია 0:0

მერვედფინალი


ინგლისი – სლოვაკეთი 1:1 დ.დ 2:1

მეოთხედფინალი


ინგლისი – შვეიცარია 1:1 (პენ. 5:3)

ნახევარფინალი


ინგლისი – ნიდერლანდები 2:1

 

კომენტარები

გარეთ საუტგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ფეხბურთელებს ასეთი თამაშებისთვის ზედმეტი მოტივაცია არ სჭირდებათ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სწორი გზით მივდივართ. ვიცით, რას ნიშნავს ამ ფინალის მოგება ნებისმიერი ჩვენგანისთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის, გვინდა, რომ მათ განსაკუთრებული დღე ვაჩუქოთ.

ესპანეთის ნაკრებს შესანიშნავი თამაშის სტილი აქვს. ისინი ჩინებულად ფლობენ ბურთს, ამ მხრივ ბოლო მატჩებში არც ჩვენს გუნდს ჰქონდა პრობლემები. ესპანელების წინააღმდეგ ძალიან ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ.

ჰარი კეინი (ინგლისის ნაკრების კაპიტანი): ევრო 2020-ის ფინალის შემდეგ ბევრი ჩვენგანი განადგურებული იყო, ის მატჩი არასდროს დაგვავიწყდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ მოხვედრამდე დიდი გზა გავიარეთ. აღსანიშნავია ფეხურთელების ხასიათის სიმტკიცე და მენტალიტეტი. სწორედ ამ ძლიერი ხასიათის დამსახურებაა, რომ ჩვენ კვლავ ფინალში ვთამაშობთ.

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ვთამაშობთ. ამ დონის ტურნირის ფინალში გასვლა ფეხბურთში უდიდესი მიღწევაა. ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ და მოუთმენლად ველით თამაშის დაწყებას.

ფინალია და, ბუნებრივია, დაძაბული თამაში იქნება. ასეთ მატჩებში ყველაფერს წვრილმანი დეტალები წყვეტს. საბოლოოდ გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

ხესუს ნავასი (ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი): ინგლისის ნაკრები უდიდესი გუნდია, სადაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. რთული თამაში იქნება. ჩვენს გუნდში შესანიშნავი განწყობაა, მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ფინალურ მატჩსაც მოუთმენლად ველით. იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ტურნირის მოგებას შევძლებთ, რითიც ჩვენც ძალიან გავიხარებთ და გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას გავახარებთ.