ევრო 2024 | დავით მუჯირი - ჩნდება ამბიცია, რომ ასეთ ჩემპიონატებზე სულ ვითამაშოთ #1TVSPORT
სფფ-ის მთავარი მიზანია, ეროვნულმა ნაკრებმა დიდ საერთაშორისო ტურნირებზე სისტემატურად ითამაშოს, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„ჯერ სასიხარულოა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვეთ. დავინახეთ, რომ ის სიხარული და ინტერესი, რაც საქართველოს მივანიჭეთ, მხოლოდ დამატებითი მოტივაცია იყო, ევრო 2024-ზე სათანადოდ რომ გამოვსულიყავით.
პირველ ორ ტურში ეს მოვახერხეთ – ჩვენი გუნდის თამაში ამაზე მეტყველებს. ის ფაქტი, რომ მესამე ტურის წინ გვაქვს შანსი, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, გუნდის დამსახურებაა. ბოლო ტურშიც არ დავაკლებთ მცდელობას, რომ სანუკვარი მიზანი ავიხდინოთ და მერვედფინალის საგზური მოვიპოვოთ.
საკუთარ თავზე რომ იგემებ და დააგემოვნებ, ქართული ფეხბურთის განვითარებისა და თითოეული ფეხბურთელის წინსვლისთვის ასეთ ტურნირზე თამაშს რა მნიშვნელობა აქვს, შემდეგ გიჩნდება ამბიცია, რომ ასეთ ჩემპიონატებზე სულ ითამაშო.
სამუშაო გასაგრძელებელია, რომ უფრო და უფრო მოვუმატოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ – ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ვათვითცნობიერებთ“.