ევრო 2024 | CNN - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ისტორია დაწერა, შესაძლოა, ეს მწვრთნელი გუნდის საიდუმლო იარაღია #1TVSPORT
დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან. „სიენენი“ საქართველოს ნაკრების ისტორიულ სადებიუტო მატჩს გამოეხმაურა და ვრცელი წერილი მიუძღვნა.
„როცა ნიკა კვეკვესკირი პენალტის ნიშნულზე მიუახლოვდა, მხრებზე მთელი ნაკრების მოლოდინი მოისხა. გაიტან და საქართველო ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს, მიზანს ააცილებ და ამ თაობის გულშემატკივრებისთვის ისტორიაში კიდევ ერთი მძიმე დღე ჩაიწერება.
ნახევარმცველი თერთმემეტრიანის დასარტყმელად რომ დაიძრა, მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, დევიდ უებს სუნთქვა შეეკრა. საქართველო ისტორიაში შევიდა და ევრო 2024-ზე ითამაშებს. ეს მწვრთნელი კი, შესაძლოა, ამ ნაკრების საიდუმლო იარაღი აღმოჩნდეს.
მთელი ქვეყანა უყურებდა, როგორ წაბორძიკდა კვეკვესკირი, სანამ დაბალ, მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყამდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი დევიდ უები CNN Sport-თან იხსენებს მომენტს, როცა ამ ქვეყნის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, დაამარცხა რა საბერძნეთი პენალტების სერიაში:
„ტიროდნენ სამწვრთნელო სტაფის წევრები, მოთამაშეები. გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ. ძალიან ემოციური წუთები იყო“.
გამარჯვების მომტანმა თერთმეტმეტრიანმა თბილისის „ბორის პაიჭაძის არენაზე“ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია – აღფრთოვანებული გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ, ფეხბურთელები კი გასახდელში ზეიმობდნენ.
უებს ეღიმება სიხარულითა და ქაოსით სავსე მარტის ამ დღის გახსენებისას, როცა თბილისის ქუჩებში ფეხბურთელები მღეროდნენ და მთელი ღამე მხიარულობდნენ.
სადღესასწაულო აჟიოტაჟი ფეხბურთით შეშლილ მთელ ამ ქვეყანას მოედო და არც ახლა დამცხრალა, რადგან ევროპის ჩემპიონატმა 14 ივნისს სტარტი აიღო.
უებისთვის ეს იყო დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდება. ეს „სიურეალისტური“ სურათები მეხსირებაში ცოცხლდება და მთელი ცხოვრება მასთან დარჩება. უები ახლა საქართველოს საპატიო მოქალაქის პასპორტის მიღებას ელოდება.
უყურე ფეხბურთს, როგორც ჭადრაკის დაფას
როცა გააცნობიერა, რომ ტოპ ფეხბურთელი ვერ გახდებოდა, ინგლისელმა უებმა სწრაფად გადაინაცვლა სამწვრთნელო საქმიანობაში და სხვადასხვა როლი მოირგო – ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობისა და სელექციონერობის ჩათვლით. ფეხბუთში ყოველთვის ხიბლავდა ამ სპორტის ფსიქოლოგიური მხარე, შესაძლებლობა, რომ შეამჩნიო მთამაშის ის თვისებები, რომლებსაც სხვები ვერ ხედავენ.
„ყველას შეუძლია საუკეთესო ფეხბურთელების არჩევა, – ამბობს უები. – ამისთვის საჭიროა, რომ ზედაპირს ჩასცდე და დაინახო, რა ამოძრავებს მოთამაშეს და რა დაეხმარება განვითარებაში“.
უები სხვა მწვრთნელებისგან გასხვავდება. ის მშვიდად და დაბალ ხმაზე საუბრობს, მოკრძალებულია და არ ახასიათებს ამპარტავნება, რაც ასე გავრცელებულია ეგოთი სავსე მწვრთნელების სამყაროში.
მისთვის მხოლოდ ტაქტიკური და სტატისტიკური ელემენტები საკმარისი არ არის, უების ფილოსოფიაში მთავარი ადგილი ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებასა და მეგობრული ატმოსფეროს შექმნას უჭირავს, რაც მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს.
„თამაშს ჭადრაკის დაფასავით აღვიქვამ, თითქოს ვერტმფრენიდან დავყურებ. ერთგვარი ინტუიციაა. როგორც თანდათან აღმოვაჩინე, ეს გრძნობა მეხმარება, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღო და საფეხბურთო ტალანტები მოვძებნო“, – ამბობს უები.
ვილი სანიოლმა და დევიდ უებმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს. სანიოლი მოიხიბლა ტალანტების აღმოჩენის მისეული ნიჭით და თამაშის უებისეული ხედვით.
როცა სანიოლმა 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარა, უებს შესთავაზა, რომ მთავარი წვრთნელის ასისტენტი გამხდარიყო.
„სიენენის“ სრული სტატია საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლის ინგლისელ თამაშემწეზე ნახეთ ბმულზე.