ევრო 2024 | ალექსანდრე იაშვილი - ჩვენი მიზანია, განვვითარდეთ, გამოცდილება მივიღოთ და წინ წავიდეთ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების სადებიუტო გამოსვლა შეაფასა და გულშემატკივრებს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვფიქრობ, საამაყოა, რომ ორი ტურის შემდეგ გვაქვს შანსი, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
მნიშვნელოვანია, რომ ოთარ კიტეიშვილმა ივარჯიშა, მართალია ისევ ინდივიდუალურად, მაგრამ უკვე მაღალი ინტენსიობით. ხვალიდან გუნდს შემოუერთდება და ჩვენი მიზანია, რომ თამაშის წინა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშოს.
ნაკრები ყველა მატჩს წარმატების მისაღწევად თამაშობს – შემტევ, აგრესიულ ფეხბურთს. გუნდის მენტალიტეტზე აისახება, რომ ჩეხეთთან თამაშის შემდეგ ცოტა დამწუხრებულები ვიყავით, ასევე თურქეთთან თამაშის შემდეგაც, რადგან ანგარიში შეიძლებოდა სხვა ყოფილიყო. ბიჭებმა საოცარი ბრძოლა გამართეს ყველა ბურთისთვის, ყველა მომენტისთვის.
მინდა, მთელი ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, იმიტომ, რომ საოცარი ატმოსფერო იყო. გეგონებოდა, რომ თბილისში ვთამაშობდით. ეს ფეხბურთელებისთვის და ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ჩვენი მიზანია, განვვითარდეთ, გამოცდილება მივიღოთ, წინ წავიდეთ და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენი ადგილი აქ არის. ჩვენი მიზანია, რომ ხშირად ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე, ვიყოთ წარმატებული ნაკრები და წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მესამე შეხვედრას პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.