ევრო 2023 | საქართველოს ნაკრების მეოთხედფინალური მატჩის ყველა ბილეთი 12 საათში გაიყიდა #1TVSPORT
ევრო 2023-ის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„12 საათში 1/4-ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია“, – წერია სფფ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ის მეოთხედფინალში ჩვენი გუნდი „სიკვდილის“ ჯგუფად მონათლული A ჯგუფიდან (საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები) პირველ ადგილზე გავიდა.
რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქეც ცნობილია – ევრო 2023-ის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, რომელმაც C ჯგუფში გამართულ ბოლო ტურში ჩეხეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველო ისრაელს პირველ ივლისს, „დინამო არენაზე“ შეხვდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. C ჯგუფში პირველ ადგილზე კი 9 ქულით ინგლისი გავიდა, რომელიც 2 ივლისს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ პორტუგალიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.