ევრო 2023-ის ფინალი საქართველოს პირველ არხზე - ესპანეთი ინგლისის წინააღმდეგ #1TVSPORT
ევრო 2023-ის ფინალი საქართველოს პირველ არხზე - ესპანეთი ინგლისის წინააღმდეგ #1TVSPORT

8 ივლისს ბათუმის სტადიონზე, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება.

ესპანეთი

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა. სანტი დენიას მეთაურობით, 17-წლამდე ნაკრებიდან გაზრდილ თაობას აქვს სერიოზული შესაძლებლობა, 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდეს.

ესპანელმა ფეხბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი გამარჯვება მოიპოვეს. მათ რუმინეთთან – 3:0, ხოლო ხორვატიასთან 1:0 მოიგეს, მესამე შეხვედრა უკრაინასთან 2:2 დაასრულეს. სანტი დენიას შეგირდებმა მეოთხედფინალში შვეიცარიას 2:1 სძლიეს, ნახევარფინალში კი უკრაინას იოლად გაუმკლავდნენ – 5:1.

ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი ფეხბურთი და „ტიკი ტაკას“ ახალი ვერსია აჩვენა. მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდმა წარმატებას ტრადიციული ფეხბურთის ერთგულებით მიაღწია. ესპანელები იმედოვნებენ, ბრწყინვალედ ჩატარებული ტურნირის შემდეგ ტიტულს ისტორიაში მეექვსედ მოიპოვებენ.

ინგლისი

ინგლისის 21-წლამდელების ნაკრები ერთადერთია ევრო 2023-ზე, რომელსაც არათუ ქულა არ დაუკარგავს, არამედ გოლიც არ გაუშვია. ლი კარსლის გაწვრთნილებმა ჯგუფში სამივე თამაში ერთნაირი ანგარიშით მოიგეს – 2:0.

ინგლისელებმა დაამარცხეს ჩეხეთის, ისრაელისა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებები, რომელიც ტურნირის მთავარი იმედგაცრუება აღმოჩნდა.

ბრიტანელებს ყველაზე მეტად მეოთხედფინალში, პორტუგალიასთან, ქუთაისში გამართულ დაპირისპირებაში გაუჭირდათ, მაგრამ 1:0 მაინც გაიმარჯვეს. ნახევარფინალში ინგლისმა ისრაელს ბათუმში 3:0 სძლია.

ინგლისის ეს ნაკრები 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა „ბათუმი არენაზე“ ამხანაგურ შეხვედრაში (გიორგი გულიაშვილი – 2, გიორგი გოჩოლეიშვილი) 3:2 დაამარცხა.

ინგლისის მწვრთნელი ესპანელებს ემუქრება

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლი კარსლი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ისტორიულ შანსს გამოიყენებს.

„თუ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჩემი გუნდი პოტენციალს გამოავლენს, ეს იქნება „სპექტაკლი ჯოჯოხეთიდან“. მოვუწოდებ გუნდს, კამერების წინ შოუ დადგან. შეხვედრის ტელერეპორტაჟს ბრიტანეთში Channel 4-ი გადასცემს და ვფიქრობ, ეს მოთამაშეებისთვის შთაგონების წყარო იქნება, რადგან ევრო 2023-იდან დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ბათუმის მატჩის რეპორტაჟს აჩვენებენ. ასეთ შანსს კი ცხოვრებაში ერთხელ ვიღებთ და უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ნაკრები ამას იმსახურებს, რადგან მოთამაშეები ბევრს შრომობდნენ და მონდომებულები იყვნენ.

ესპანეთი მიზნად ისახავს, მოიგოს მეექვსე ევრო, მათ შორის მეოთხე უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ესპანეთი წამყვანი საფეხბურთო ქვეყანაა, ყოველთვის ჰყავდა მაღალი დონის ინდივიდუალისტები და დიდ პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანია, გუნდურად თავი კარგად დავიცვათ, მაგრამ ჩვენც გვიყვარს ბურთის კონტროლი, ისევე როგორც ესპანეთს. მეტოქის ბევრ თამაშს ვუყურე და დარწმუნებული ვარ, სანახაობრივი ფინალი იქნება“, – განაცხადა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა.

შეხვედრის მსაჯი

ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის მთავარ მსაჯად ნორვეგიელი ესპენ ესკასი დაინიშნა. VAR-ის სისტემაზე პასუხისმგებელი გერმანელი კრისტიან დინგერი იქნება.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი – ინგლისის დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხის შემოგთავაზებთ. „ბათუმი არენაზე“ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.