„ევრო 2022“-ზე გასული საქართველოს ნაკრები დღეს რუსეთს შეხვდება - ფინალური ეტაპის ცხრა მონაწილე უკვე ცნობილია #1TVSPORT
„ევრო 2022“-ზე გასული საქართველოს ნაკრები დღეს რუსეთს შეხვდება - ფინალური ეტაპის ცხრა მონაწილე უკვე ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მოსკოვშია, სადაც „ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას სტუმრად, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი საფრანგეთთან ისტორიული მატჩის მოგების შემდეგ 10 აპრილს, დილის 07:00 საათზე მოსკოვში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, „ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ფრანგებთან მატჩში ჩვენი ნაკრების ბრაზილიელი ლეგიონერი, შაგინია დაშავდა და მატჩის გაგრძელება გაუჭირდა. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ. მცირე ტრავმა ჰქონდა თალესსაც, რომელმაც ფრანგებთან დუბლი შეასრულა.

ფინალური ეტაპის 16 მონაწილედან 9 უკვე ცნობილია – აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, ნიდერლანდები (მასპინძლები), რუსეთი, ხორვატია. საქართველო 8 შესარჩევ ჯგუფში მეორეადგილოსნებში პირველია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.

„ევრო 2022“-ის ფუტსალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2020 წლის 29 იანვარს ახალი ფორმატით დაიწყო. შეიცვალა ფინალური ეტაპის ფორმატიც – მანამდე ის თამაშდებოდა ორ წელიწადში 12 გუნდის მონაწილეობით, ახლა კი ყოველ ოთხ წელიწადში 16 გუნდის მონაწილეობით ჩატარდება. დასკვნითი ეტაპი ნიდერლანდების ქალაქებში – ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება.

„ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 12 აპრილს თბილისის დროით 18:00 საათზე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე იხილავთ.