ზღვა ემოცია მოგების შემდეგ - როგორ აღნიშნა ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ზე გასვლა [ვიდეო] #1TVSPORT
ზღვა ემოცია მოგების შემდეგ - როგორ აღნიშნა ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ზე გასვლა [ვიდეო] #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს საქართველოს ნაკრების წევრებმა საფრანგეთთან მოგება, რომელმაც გუნდს ევრო2022-ისკენ გაუხსნა გზა. 

მთავარი არბიტრის საფინალო სასტვენს საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უზომო სიხარული და ფრანგების მწუხარება მოჰყვა. ხელებაღმართულ თალესს (რომელმაც დუბლი შეასრულა და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა) ბინიო გადაეხვია, ჩვენი კაპიტანი ზვიად კუპატაძე მოედნის გარშემო დარბოდა, მერე დაემხო და სიხარულისგან ცრემლები ვერ შეიკავა.

ეს იყო ერთიანობისა და წარმატების ზეიმი, ქართველები, ბრაზილიელები და გუნდის ერთადერთი ესპანელი წევრი ბრუნო პეტრი ხარობდნენ, ბინიო სიამაყით აჩვენებდა საქართველოს ნაკრების მაისურს და ქართულ გერბს კოცნიდა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ბრაზილიელ ელისანდროს გადაეხვია, ჩვენი გუნდის ლიდერმა, რონინიომ საქართველოს დროშა ააფრიალა.

ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როდესაც მოთამაშეები ტრიბუნასთან მივიდნენ, გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთად იმღერეს – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!

საქართველოს ნაკრები ევრო2022-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 12 აპრილს მოსკოვში გაიმართება.