კუპატაძემ ფრანგებთან მოგების შემდეგ იტირა - 9 აპრილის ტრაგედია დღემდე მახსოვს, ბედნიერებაა, ევრო 2022-ზე სწორედ ამ დღეს რომ გავედით #1TVSPORT
კუპატაძემ ფრანგებთან მოგების შემდეგ იტირა - 9 აპრილის ტრაგედია დღემდე მახსოვს, ბედნიერებაა, ევრო 2022-ზე სწორედ ამ დღეს რომ გავედით #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად კუპატაძემ საფრანგეთთან მოგებული მატჩის (3:2) შემდეგ, რომელმაც, ფაქტობრივად, გუნდი ევრო 2022-ზე გაიყვანა, ემოციები ვერ დამალა.

„ჩემთვის ეს წარმატება განსაკუთრებულია. ამ მატჩის ჩატარება გამორჩეულად რთული იყო იმ ბიჭებისთვის, ვინც რუმინეთთან წინა ციკლის წაგებულ პლეი-ოფში ვითამაშეთ. ჯერ ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად არ გვაქვს, სხვა თამაშებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ ამის ძალიან დიდი შანსია“, – ამბობს ზვიად კუპატაძე.

მისი თქმით, კარიერის ოცნება აიხდინა:

 „ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება დიდი სიხარულია და ცრემლების შეკავება არ შემიძლია. ეს ჩემთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ბოლო შანსი იყო, რისი საშუალებაც კარიერის დასასრულს მომეცა. ბიჭებს, სამწვრთნელო სტაფს, კობიაშვილს, იაშვილს დიდი მადლობა – ყველამ ყველაფერი ჩადო“.

გამოცდილმა მეკარემ გამარჯვება 9 აპრილის გმირებს მიუძღვნა:

„8 თუ 9 წლის ვიყავი, როდესაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა. 32 წლის შემდეგაც მახსოვს ეს ტრაგედია და ეზოში ტანკები რომ იდგა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ის გმირები. ქართველებისთვის ფეხბურთი რელიგიასავითაა, ყველაფერია და ამიტომ ყველას გილოცავთ. მიხარია, ამ დიდ წარმატებას დღეს რომ მივაღწიეთ“.

დატოვე კომენტარი