ევრო 2022-ის საუკეთესო მოთამაშედ ზიკი ტე აღიარეს - გვინეა-ბისაუელი, რომელმაც პორტუგალია ასახელა #1TVSPORT
ნიდერლანდებში დასრულებული ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ უეფა-მ პორტუგალიის ნაკრების შემტევი, ტურნირის მშვენება ზიკი ტე დაასახელა.
„ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის, რასაც ახლა ვგრძნობ. მე მეშვიდე ცაზე ვარ! სულ ეს არის, რისი თქმაც ახლა შემიძლია. ძალიან ვამაყობ ამ გუნდით და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ მიზნის მიღწევაში. არაერთხელ მითქვამს, რომ პორტუგალიას უყვარს სირთულეების გადალახვა, როგორც ჩანს, ეს ჩვენს გენებშია, უნდა ვიბრძოლოთ, სანამ გვირაბის ბოლოს შუქს დავინახავთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის და ჩვენი გუნდის სიძლიერის მაშინაც კი, როცა 0:2 ვაგებთ. ამ გუნდის ძალას საზღვარი არ აქვს და ეს არის ჩვენი წარმატების გასაღები“, – განაცხადა დაჯილდოების შემდეგ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელიც წარმოშობით გვინეა-ბისაუდან არის.
ზიკი ტე
სრული სახელი იზაკელ გომეს ტე
დაიბადა 2001 წლის 1 ოქტომბერს (20 წლის) ბისაუში (გვინეა-ბისაუ)
მოქალაქეობა – გვინეა-ბისაუ
პორტუგალიური კლუბის „სპორტინგის“ და პორტუგალიის ფუტსალის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი იზაკელ გომეს ტე დასავლეთ აფრიკაში მდებარე გვინეა-ბისაუში დაიბადა, მაგრამ პორტუგალიის სახელით თამაშობს.
საკლუბო კარიერა
იზაკელ გომეს ტე პორტუგალიაში ექვსი წლის ასაკში გადავიდა. მეტსახელად „ზიკი“ ბავშვობიდან მიიღო. ფუტსალის თამაში მეგობრების გავლენით დაიწყო. 17 წლის ასაკში ზიკი ტე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ოდესმე გაიტანა გოლი პორტუგალიის ლიგაში, 18 წლის ასაკში ის იყო ნომინირებული მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულზე, ხოლო 19 წლის ასაკში – 2020/2021 წლებში, სეზონში, გაიტანა 16 გოლი, დასახელდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ და პირველად გამოიძახეს პორტუგალიის ნაკრებში.
მიღწევები
„სპორტინგი“
პორტუგალიის ჩემპიონი: 2020/21
უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2020/21
პორტუგალიის თასის მფლობელი: 2019/20
პორტუგალიის ლიგის თასის მფლობელი: 2020/21
პორტუგალიის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონი: 2021 წ
ევროპის ჩემპიონი: 2022 წ
პორტუგალიამ ზედიზედ მეორე მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ამსტერდამში გამართული ფინალური შეხვედრა გუნდმა რუსებთან ცუდად დაიწყო – სოკოლოვისა და აფანასიევის გოლების შემდეგ 0:2-ს აგებდა.
ტომას პასუმ შესვენებამდე სხვაობა შეამცირა – 1:2. მეორე ტაიმში ანდრე კოელიომ დუბლი შეასრულა, ბოლო გოლი კი პანი ვარელამ გაიტანა, პორტუგალიამ 4:2 გაიმარჯვა და ესპანეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.