ევრო 2022-ის მეორე ტური - საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ევრო 2022-ზე საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ბულგარეთთან გამართა და სამწუხაროდ, დამარცხდა.
სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მიმდინარე ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირის პირველ ტურში მონტენეგროსთან 2:0 გამარჯვებით ბესიკ არველაძის გუნდს პირველ ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა.
ეს იყო ლიდერების მატჩი, რადგან პირველ ტურში ბულგარელებმა ავსტრიის ნაკრები 4:1 დაამარცხეს. დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ 2:0 გაიმარჯვა. ბულგარეთის ნაკრებმა ორივე გოლი ტაიმების ბოლოს გაიტანა.
22-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ბულგარელთა შემტევმა დენსი ივანოვმა ზუსტად დაარტყა. მატჩის ბოლოს, თამაშის გადასარჩენად, საქართველოს ნაკრებში მეკარე მეექვსე მოთამაშემ შეცვალა, ამით კი ბულგარელებმა ისარგებლეს. 48-ე წუთზე, ნედელიან კოსტადინოვმა გადაცემა ჩაჭრა და საკუთარი მოედნიდან გაიტანა 2:0.
ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში მონტენეგრომ ავსტრია 5:2 დაამარცხა. ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 ივნისს, 15:00 საათზე ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ევროპის ჩემპიონატში საუკეთესო 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. ტურნირი ამავე დროს 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც გახლავთ.