ევრო 2020 | რობერტო მანჩინი - იმედი მაქვს „უემბლიზე“ ფინალის სათამაშოდ დავბრუნდებით [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ნაკრებმა შემტევი ფეხბურთით შანსი არ დაუტოვა ჯგუფის სხვა წევრებს. დაამარცხა უელსი, თურქეთი, შვეიცარია და პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა.
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
„ძალიან გახარებული ვარ – ძირითად შემადგენლობაში რვა ფეხბურთელი შევცვალეთ და ამის მიუხედავად, გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. მეტი გოლის გატანას ვიმსახურებდით, მაგრამ ეს მარტივი არ იყო, რადგან ჩვენი მეტოქე თავს კარგად იცავდა. ვაფასებ იმას, რაც ჩემმა გუნდმა გააკეთა. ბიჭები მართლაც ძალიან კარგები იყვნენ“.
პრესკონფერენციაზე დაისვა შეკითხვა – მოდუნდა თუ არა იტალიის ნაკრები მას შემდეგ რაც უელსი 10 კაცით დარჩა?
„როდესაც 11 კაცი 10-ის წინააღმდეგ დავრჩით, ჩვენმა მეტოქემ მთელი გუნდით უკან დაიხია და დაცვაში ჩადგა. ძალიან რთული გახდა სივრცეების მოძებნა. ვცდილობდით, თუმცა როცა ათივე ფეხბურთელი უკან დგას, ამის გაკეთება ძნელია.“
მორიგი საინტერესო შეკითხვა: იმიტომ ხომ არ თამაშობს იტალია ასე კარგად, რომ ფეხბურთელები შემტევი გუნდებიდან ჰყავს?
„ჩემი ფეხბურთელები მიჩვეულები არიან ასეთ თამაშს, რადგან პირველივე დღიდან ვცდილობთ, სწორედ ასე ვითამაშოთ. ნელ-ნელა მიზანს მივაღწიეთ. სერია A-ში ბევრი გუნდია, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ ფეხბურთელებისთვის რთული არ არის ნაკრების სტილთან მორგება“.
მარკო ვერატი დაბრუნდა, როგორი იქნება არჩევანი ვერატისა და მანუელ ლოკატელის შორის?
„უკეთესია, ყველა მყავდეს გუნდში და გული იმაზე დამწყდეს, რომ კარგ ფეხბურთელს ვერ ვათამაშებ. ასეთი რამ სულ ხდება. სამწუხაროდ, მე მიწევს კარგი ფეხბურთელების გუნდს მიღმა დატოვება. ახლაც ასეთი მომენტია, არჩევანი უნდა გავაკეთოთ“.
იტალიის ნაკრები სამიდან სამი მოგებით გავიდა პლეი ოფში…
„ახლა სულ სხვა ტურნირი დაიწყება. ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ ბოლომდე გავიდეთ. იმედი გვაქვს, უემბლიზე დავბრუნდებით“.