„ევრაქტივი“ - შარლ მიშელმა მედიაციაზე დათანხმებით ეგზისტენციალური რისკი იტვირთა, ევროკავშირისთვის გადამწყვეტი იყო, ეჩვენებინა, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოში ქაოსის დარეგულირება შეუძლია
„შარლ მიშელის მედიაციის დეტალები ცნობილია“, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ევრაქტივი“ სტატიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოში კრიზისის მედიაციის დეტალებზე.
„შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დროს რისკი საკუთარ თავზე აიღო და ბრიუსელში ბევრმა მის ქმედებებს სიგიჟეც კი უწოდა“, – ნათქვამია სტატიაში.
„ევრაქტივის“ ჟურნალისტი ესაუბრა ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ პირს, რომელიც მედიაციის პროცესში იყო ჩართული. როგორც ის ამტკიცებს, „მას შემდეგ რაც ამნისტიის საშუალებით ნიკა მელია გათავისუფლდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ასევე დაიკავებს ადგილებს პარლამენტში“. მისივე ინფორმაციით, მედიაციის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თითქმის მუდმივ კონტაქტზე იყო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და რამდენჯერმე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ევროპული საბჭოს დიპლომატებმა 20-ზე მეტი დისკუსია გამართეს საქართველოში პოლიტიკურ ძალებთან, ვიდეოკონფრენციის საშუალებით.
„ევრაქტივის“ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ სასტიკი წინააღმდეგი იყო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის გასამართლებული გიორგი რურუას გათავისუფლების ან მისი ამნისტიის.
„ევროპული საბჭოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან გამბედავი ნაბიჯი გადადგა“, – წერს „ევრაქტივი“.
გამოცემის ანონიმური წყაროს ცნობით, ასევე რთული აღმოჩნდა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გამოსავლის პოვნაც.
„ქართული ოცნება“ გამოდიოდა ინციატივით, რომ ამოქმედებულიყო 40%-იანი მხარდაჭერის მექანიზმი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 45%-ს ითხოვდა. ევროპელი დიპლომატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ეს ციფრი ყოფილიყო 43%, რაც შეთანხმებაშიც ჩაიწერა“, – წერს „ევრაქტივი“.
„შარლ მიშელმა ეგზისტენციალური რისკი იტვირთა, როდესაც დათანხმდა მედიაციას. რამდენიმე ადამიანს ეგონა, რომ ის შეიშალა კიდეც. თუმცა, როგორც მიშელთან დაახლოებული პირები ამბობენ, მიშელი გრძნობდა ევროკავშირისთვის გადამწყვეტი იყო, ეჩვენებინა, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოში ქაოსის დარეგულირება შეუძლია“, – წერს „ევრაქტივი“.
წყაროს ცნობით, მედიაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ის თანამშრომლობამ და ორმა ელჩმა ფანტასტიურად იმუშავა. მისივე თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბოროვსკისის ჩართულობაც. სტატიის თანახმად, დომბოროვსკისმა დიდი როლი შეიტანა საქართველოში თანამოსაუბრეების დარწმუნებაში, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარება წარმოუდგენელი იქნებოდა.
„ეს უცნაური ისტორიაა, არასტანდარტული მიდგომით, მაგრამ ის წარმატებით დასრულდა“, – ამბობს „ევრაქტივთან“ საუბარში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი.