„ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება
„ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება

„ევერტონი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს და ერთ-ერთ კანდიდატად ჩინური „შანხაის“ პორტუგალიელ დამრიგებელ ვიტორ პერეირას განიხილავს. მერსისაიდულმა კლუბმა ყოფილი დამრიგებელი მარკო სილვა თანაქალაქელ „ლივერპულთან“ 2-5 წაგების შემდეგ გაანთავისუფლა, რის შემდეგაც გუნდს დროებით დანკან ფერგიუსონი ჩაუდგა სათავეში. ამ უკანასკნელს არაჩვეულებრივი სტარტი ჰქონდა, როდესაც „ჩელსი“ სტუმრად 1-3 დაამარცხა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა მასთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებას მაინც არ აპირებს.

„ევერტონის“ ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ „ჩელსისთან“ გამარჯვებამ მათ ამოსუნთქვისა და ახალი მწვრთნელის შესახებ უფრო მშვიდი მსჯელობის საშუალება მისცა.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანდიდატებად ასევე განიხილებიან „არსენალიდან“ ცოტა ხნის წინ განთავისუფლებული უნაი ემერი, „ბორნმუთის“ ედო ჰოუ და ესპანელი მარსელინო, რომელიც „ვალენსიიდან“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გაანთავისუფლეს.

განხილულ იქნა ასევე „ევერტონის“ ყოფილი მწვრთნელის, დევიდ მოიესის ვარიანტი, თუმცა მისი დანიშვნის შანსები ძალზედ შემცირდა.

პრემიერლიგაში მომდევნო მატჩს „ევერტონი“ 15 დეკემბერს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სტუმრად გამართავს.