ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონი გამოიწვია
ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონი გამოიწვია

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ევანდერ ჰოლიფილდმა განაცხადა, რომ სურს რინგზე გასვლა მაიკ ტაისონის წინააღმდეგ საბრძოლველად.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, 54 წლის ტაისონმა საჩვენებელი ორთაბრძოლა ჩაატარა 51 წლის როი ჯონსთან. შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ჩემი წარმომადგენლები ცდილობდნენ ბრძოლის ორგანიზებას, მაგრამ პასუხად არაფერი მიგვიღია თავის მართლების გარდა. ახლა მესმის, რატომ სჭირდებოდა მას გასახურებელი ორთაბრძოლა, სანამ ჩემთან შეხვედრაზე დაფიქრდებოდა.

როი ჯონსი კარგი მეტოქე იყო მაიკისთვის ლოკალურ დონეზე. მაგრამ ჩემთან ბრძოლა გლობალური მოვლენა გახდება და ეს ერთადერთი დაპირისპირებაა, რომლის ხილვა სურს მაყურებლებს. არ არსებობს მიზეზი, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება. აღარ იქნება არანაირი თავის მართლება. ეს ბრძოლა უნდა გაიმართოს თუნდაც ჩვენი მემკვიდრეობისთვის.

შაბათს საღამოს შენ თქვი, რომ მზად ხარ ჩემთან საბრძოლველად, ასე რომ, მოაწერე კონტრაქტს ხელი და რინგზე გამოდი. მსოფლიო ელოდება და ახლა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მე მზად ვარ“, – განაცხადა 58 წლის ჰოლიფილდმა.

მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 1996 წელს, გამარჯვება ევანდერმა მოიპოვა, რის შემდეგაც, რევანშშიც მან მოიგო ტაისონის დისკვალიფიკაციის გამო, რომელმაც მეტოქეს ყურზე უკბინა.